„ევრონიუსის“ გადაცემა „დიალოგის“ ფორმატში სტუმრად მოდიან გამორჩეული ადამიანები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მოღვაწეობენ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. „ევრონიუსის“ კორესპონდენტი გაი შონი არკვევს, თუ რა აძლევს ცხოვრების სტიმულს ასეთ არაჩვეულებრივ ხალხს.
ჯაილ დული მთელი ცხოვრება ფირზე აღბეჭდავდა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში. მას შემდეგ, რაც ავღანეთში ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა, ჯაილზმა გადაწყვიტა, ისეთ გზას დასდგომოდა, რომელიც საშუალებას მისცემდა, უმწეო ადამიანების სათქმელი გადმოეცა. ომისა და კონფლიქტების მსხვერპლთა დასახმარებლად ჯაილზმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ომის მემკვიდრეობის ფონდი“ შექმნა. მას არ სურს საზოგადოებმამ ისე აღიქვას, როგორც მისაბაძი მაგალითი, თუმცა სურს ომით დაზარალებული ადამიანებს სიცოცხლის სურვილი გაუღვივოს.
გაი შონი, ევრონიუსი: „როდესაც ფოტოგრაფი იყავი, ჯაილზ, ცნობილი ადამიანების საზოგადოებაში ტრიალებდი. შეიძლებოდა, სულ სხვაგვარი ცხოვრება გქონოდა, არა? თუ არ ვცდები, კარიერა დაიწყეთ, როგორც მოკრივემ.“
ჯაილზ დული, „ომის მემკვიდრეობის ფონდის“ ხელმძღვანელი: „დიახ, როდესაც 18 წლის ვიყავი, ამერიკაში წავედი სპორტული სასტიპენდიო პროგრამით და მცირე ავტოავარიაში მოვყევი. მაგრამ იმ დროს სპორტი იყო მთელი ჩემი ცხოვრება, არადა, მითხრეს, რომ სპორტს ვეღარ გავყვებოდი და ძალიან გავბრაზდი. ისეთი განცდა მქონდა, რომ ყველაფერი წამართვეს. მერე ორი პატარა საჩუქარი მივიღე, რომლებმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სამწუხაროდ, ჩემი ნათლია გარდაიცვალა და მისმა ქვრივმა მომიტანა ორი საჩუქარი, რომლებიც ნათლიამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიყიდა. ეს იყო ფოტოაპარატი Olympus OM10-ი და ომის ფოტოგრაფის დონ მაკკალინის წიგნი. და როდესაც პირველად ვნახე მისი ფოტოები, სუნთქვა შემეკრა – მაშინვე მივხვდი, რომ ზუსტად ამის გაკეთება მინდოდა მეც.
როდესაც საავადმყოფოდან გამოვედი, ძალიან მინდოდა, მეც ასეთი ფოტოები გადამეღო, მაგრამ მყავდნენ მეგობრები, რომლებიც მუსიკოსები და ბენდის წევრები იყვენენ და ძალაუნებურად იქით გადავერთე. უეცრად ჟურნალებიდან დაკვეთები წამოვიდა. მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობდი, რომ გადამეღო გასაოცარი ხელოვანები: მერაია კერი, „ოაზისი“, ლენი კრავიცი“.
ევრონიუსი: და როგორ გადაინაცვლე მერაია კერიდან, ლენი კრავიციდან და ოაზისიდან იმ ნამუშევრებამდე, რომლებსაც აქ ვხედავთ ახლა?
ჯაილზ დული, „ომის მემკვიდრეობის ფონდის“ ხელმძღვანელი: „ეს ნელ-ნელა მოხდა. ალბათ 28 წლის ვიყავი და ლენი კრავიცს ვიღებდი მის სახლში მაიმიში, რაშიც უბრალოდ საოცარი ანაზღაურება მქონდა, ვიჯექი სასტუმროში, ჩემს ოთახში და მახსოვს, ავტირდი, რადგან სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი.
ვიფიქრე, კი ბატონო, ასეთი წარმატებული ვარ, სიზმარივით ცხოვრება მაქვს და მაინც სულში სიცარიელეს ვგრძნობ. რაშია საქმე? რა შეავსებს ამ სიცარიელეს? დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ლონდონში ვიყავი გადაღებებზე სასტუმრო Charlotte Street Hotel-ში და დაუღალავად ვმუშაობდი. უცებ შუა გადაღებების დროს ერთი ახალგაზრდა ქალი მსახიობი ატირდა, რადგან მისმა აგენტმა უთხრა, რომ ზედატანი გაეხადა, ჟურნალის რედაქტორი კი აგენტს ეკამათებოდა. მე ვუყურებდი ამ შეშლილ სცენას და ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ის, რისთვისაც ფოტოგრაფი გავხდი.
და უცებ გამახსენდა ის ორი პატარა საჩუქარი: ფოტოაპარატი Olympus OM10-ი და დონ მაკკალინის წიგნი, და ის განცდა, რომელიც მქონდა 18 წლისას, როდესაც მაჩუქეს. მივხვდი, რომ გზას ავცდი, რომ არ გამოვიყენე ფოტოგრაფია ამბების გადმოსაცემად. და გადავწყვიტე, რომ სწორედ ეს გამეკეთებინა. ვცდილობდი, მიზანი მეპოვა. უნდა მომეყოლა სხვების ამბები ფოტოაპარატის საშუალებით.
ევრონიუსი: და უცებ აღმოჩნდი ავღანეთში იმ საბედისწერო დღეს, როდესაც თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას დააბიჯე…
ჯაილზ დული, „ომის მემკვიდრეობის ფონდის“ ხელმძღვანელი: „ამერიკულ ჯართან ერთად ვიყავი შემოვლაზე. გზად თავს დაგვესხნენ. როდესაც თავშესაფრისკენ გავიქეცით, მე თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას დავაბიჯე. ის აფეთქდა და მე გონება არ დამიკარგავს. გვერდზე დავეცი. დავინახე, როგორ მომწყდა ორივე ფეხი და მკლავი და ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა. უბრალოდ წარმოიდგინე ერთი წუთით ეს. გამეღვიძა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სინათლე ენთო, ირგვლივ ხალხი დარბოდა, ისმოდა ზარებისა და განგაშის ხმა. იცით, პანიკამ მომიცვა. სად ვარ? ისიც კი არ ვიცოდი, რომელ ქვეყანაში ვიყავი. ყვირილი დავაპირე, მაგრამ კისერსა და ყელში მილები მქონდა გაყრილი. წამოჯდომა დავაპირე და აღმოვაჩინე, რომ მიბმული ვარ საწოლზე. ძალიან სწრაფად მივხვდი, რომ მხოლოდ თვალების დახამხამება შემეძლო. უფრო უარესი დაჭრიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ მელოდა. რომ მოვკეთდი და გადამიყვანეს პალატაში, სადაც ჯერ კიდევ მძიმე ავადმყოფები არიან. იქ პირველად შეძლეს ჩემი საწოლიდან თვლებიან სავარძელზე გადასმა, რათა შხაპი მიმეღო. და მაშინ პირველად ჩავიხედე სარკეში.
მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ შესაძლოა, მეცოცხლა, მაგრამ ჩემს ახალ რეალობას უნდა შევგუებოდი. მითხრეს, რომ ვერასოდეს გავივლიდი, ვეღარ ვიცხოვრებდი დამოუკიდებლად. არც კი განიხილებოდა ჩემი მუშაობა ფოტოგრაფად. ყველაფერი გაქრა. იმ პერიოდში დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შემეძლო, ხელი ძალიან მქონდა დაზიანებული. ამიტომ სხვები მაჭმევდნენ, ვერც საპირფარეშოში გავდიოდი დამოუკიდებლად. ისეთი პირი უჩანდა, რომ სულ ასე ვიქნებოდი.
სარკეში საკუთარი გამოსახულება რომ დავინახე, შევძრწუნდი, არ მქონდა კიდურები, მთელ სხეულზე ნაიარევები მემჩნეოდა. მახსოვს, როდესაც ისევ საწოლში დამაბრუნეს, იმდენი ვიტირე, რომ ჩამეძინა, თან ვფიქრობდი, რომ ჯობდა, მოვმკვდარიყავი ავღანეთში, რადგან არ ვიყავი ისეთი ძლიერი და მამაცი, რომ ჩემს ახალ რეალობას შევგუებოდი. ძალიან რთულია ამის ახსნა, როგორია, როდესაც დამოუკიდებლობას სრულიად კარგავ. მეორე დღეს გავიღვიძე და ვთქვი, რომ აღარ ვიფიქრებ იმაზე, რისი გაკეთებაც აღარ შემიძლია. ყურადღებას გადავიტან იმაზე, რაც შემიძლია და იმას დავხვეწ-მეთქი. და ამ აღთქმამ ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა – არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ სამუშაო, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ვმართავ და ზოგადად ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში.
ევრონიუსი: შეგიძლიათ, მითხრათ ცოტა რამ, რას აკეთებთ Wish Foundation-ში და როგორ უთავსებთ ერთმანეთს ყველაფერს?
ჯაილზ დული, „ომის მემკვიდრეობის ფონდის“ ხელმძღვანელი: „მინდა, რაღაც შევცვალო. მინდა, ჩემმა ფოტოგრაფიამ რაღაც შეცვალოს. ფოტოებს იმიტომ კი არ ვიღებ, რომ ხალხმა შეხედოს და თქვას: „ აუ რა საოცარია.“ მე მინდა, რომ როდესაც ხალხი ნახავს ამ ფოტოებს, მერე რაღაც გააკეთოს. ეს საშუალებას მაძლევს, რომ ამბები მოვყვე.“
ევრონიუსი: „ჯაილზ, მიუხედავად იმისა, რომ 37 ოპერაცია გადაიტანეთ, მაინც ფოტოგრაფად დარჩით. თუ იყო ისეთი დრო, როდესაც ვიღაც-ვიღაცებმა უბრალოდ ჩამოგწერეს?
ჯაილზ დული, „ომის მემკვიდრეობის ფონდის“ ხელმძღვანელი: „მესმის, თუ რატომ გააკეთა ზოგიერთმა ეს, მაგრამ ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორი ჯიუტი ვარ. ფოტოგრაფია მე თავად ვარ, ეს ჩემი იდენტობაა. ამიტომ ეს მხოლოდ სამუშაოზე დაბრუნების საკითხი არც იყო. საკითხი ისე დიგა, რომ თუ ფოტოების გადაღებას ისევ შევძლებდი, ჩემს ცხოვრებას დავიბრუნებდი.
ამიტომ არ მგონია, რომ ვინმემ საბოლოოდ ჩამომწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ მიცნობდა, ის იფიქრებდა, როგორ შეიძლება რომ კაცმა, სამი კიდურის ამპუტაციით ისევ შეძლოს მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობა და ფოტოგრაფად მუშაობა, ან თუნდაც აპარატის ხელში დაჭერა…მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჩემს ახლობლებს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდათ“.
ევრონიუსი: თქვენ მრავალმხრივ იხდით საკუთარ ვალს, მთელ მსოფლიოში დადიხართ და სხვადასხვა პროექტზე მუშაობთ. მაგრამ ომის მემკვიდრეობის ფონდს Legacy War Foundation ყველაზე მეტ დროს უთმობთ. ეს არის თქვენი ყველაზე დიდი გატაცება, არა? შეგიძლიათ ამაზე გვიამბოთ?
ჯაილზ დული, „ომის მემკვიდრეობის ფონდის“ ხელმძღვანელი: „არასოდეს მიფიქრია არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნაზე. მაგრამ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში არასამთავრობო სექტორთან მუშაობის დროს მივხვდი, რომ შესაძლოა ეს მათი ბრალი არც არის, რადგან ისინი საოცარ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ვიფიქრე, რომ არსებობს ჩავარდნა და რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ამიტომ მომინდა ისეთი ორგანიზაციის დაარსება, რომელიც განსხვავებულად იმუშავებდა.
ჩვენ განსხვავებული მეთოდი გვაქვს. უფრო ადვილად ამის ახსნა კონკრეტულ მაგალითზე შეიძლება. მაგალითად, ჩვენ გვაქვს პროექტი რუნადაში „მიწა ქალებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ფერმერულ კოოპერატივებს ვაფუძნებთ მათთვის, ვინც გენოციდს გადაურჩა. ჩვენ მიწა საკუთრებაში გადავეცით ფერმერ ქალებს, რითაც სრულად შეიცვალა ძალთა ბალანსი, რადგან ახლა ისინი წყვეტენ, ჩვენთან იმუშაონ თუ არა. „ომის მემკვიდრეობის ფონდის“ მიზანია ადამიანის ცხოვრების შეცვლა არა დროებით, არამედ სამუდამოდ.
ევრონიუსი: უამრავ ადამიანს მოეწონა თქვენი სერიები „ცალხელა შეფმზარეული“. ფოტოგრაფიასა და საკვებს შორის კავშირს ზოგი ვერ ხედავს, მაგრამ თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა?
ჯაილზ დული, „ომის მემკვიდრეობის ფონდის“ ხელმძღვანელი: „მე ვნახე კაცობრიობის ყველაზე ცუდი მხარე და, ჩემი აზრით, ეს აისახა ჩემს ფსიქოლოგიაზე. ერთ დღესაც მივხვდი, რომ საკვები არის ამის საპირწონე. ომი ანგრევს, შლის საზოგადოებას და სიძულვილს თესავს. საკვების საშუალებით კი ვაერთიანებთ საზოგადოებას. მისი მეშვეობით თავს ვუყრით ხალხს და სიყვარულს გამოვხატავთ. ამიტომ ასეთი წესი მაქვს, რომ არავის ვუღებ ფოტოს, თუ მანამდე მასთან ერთად პურს არ გავტეხ.“
ევრონიუსი: ჩემი აზრით, იმის გამო, როგორც გაართვით თავი იმ ყველაფერს, რაც შეგემთხვათ, მრავალი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში მისაბაძი ხართ…
ჯაილზ დული, „ომის მემკვიდრეობის ფონდის“ ხელმძღვანელი: „იცით, მაინცდამაინც ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ მისაბაძი ვარ. სულ ახლახან ვიყავი უკარინაში და მოვიარე საავადმყოფოები, რომლებშიც დაჭრილი ბავშვები მოვინახულე. მინდოდა, ენახათ ისეთი კაცი, რომელმაც სამი კიდური დაკარგა და მაინც სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. იცით, ახლა ჩემი ცხოვრბის საუკეთესო პერიოდი მიდგას და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ მათთვის ვიყო იმედის მიმცემი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მათ ნახონ, რომ სხვაც დაიჭრა და სხვამაც გაიარა იგივე, ამიტომ ბედნიერი ვარ, თუ მათთვის მისაბაძი ვიქნები. მაგრამ არ მინდა, მისაბაძი ვიყო ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რადგან ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ ჩემი ცხოვრების წესია. ყოველთვის ვამბობ, რომ იმედი მაქვს, როდესაც აღარ ვიქნები, დამივიწყებენ, როგორც ფოტოგრაფს, მაგრამ ემახსოვრებათ ჩემი ფოტოები.“
ავტორები: გაი შონი და ლოტი დუბენსკი