მთავარიგადაცემებისინემაანსის ანიმაციური კინოფესტივალი 2023

ანსის ანიმაციური კინოფესტივალი 2023

ყოველ წელს ანიმაციური სამყაროს წარმომადგენლები თავს იყრიან ქალაქ ანსიში, საფრანგეთის ალპების გულში. მაყურებელი კი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის, რათა არაფერი გამოტოვოს ანიმაციის ფესტივალის მდიდარი პროგრამიდან, რომელიც 50-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავს, იქნება ეს სხვადასხვა მრგვალი მაგიდა, მასტერკლასები, შეხვედრები, ხელმოწერები, ფილმების ღია ცის ქვეშ ჩვენება თუ განხილვები..

საერთო ჯამში ერთი კვირის განმავლობაში ყველა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმატის თითქმის 500 ფილმს წარმოადგენენ.

“ჩვენ ვამტკიცებთ,  რომ ჩვენი ქალაქი ანიმაციური ფილმების მსოფლიო დედაქალაქია,“ – ამბობს მარსელ ჟანი, სამხატვრო ხელმძღვანელი. „აქ ჩამოდიან ანიმაციური სამყაროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებსაც ანიმაციაში ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, აქ მოდიან უდიდესი სტუდიების წარმომადგენლები:  Pïxar,  Disney,  Warner, Paramount, ასევე ყველაზე დიდი პლატფორმების წარმომადგენლები, მაგალითად, Netflix, Amazon,  Apple.  ყველა აქ მოდის. ჩამოდიან ჩვეულებრივი ადამიანები და სტუდენტები, რომლებიც მომავალი ვარსკვლავები არიან.“

ანსი მხოლოდ გასართობი ფესტივალი არ არის, ეს არის ინდუსტრიის მომავალი პროფესიონალების სამჭედლო და ტრამპლინიც. მრავალი პროექტი სწორედ აქედან იძვრება, რადგან შემოქმედებითი ხალხი უშუალოდ ეკონტაქტება პროდიუსერებს.

ანსის წლევანდელი ფესტივალის ფილმების კონკურსზე გამოირჩეოდა „რობოტის ოცნება“, რომლის სპეციალური ჩვენებაც კანის კინოფესტივალზე შედგა.

ეს არის რობოტისა და ძაღლის განუყრელი მეგობრობის ამბავი, რომელიც 1980-იანი წლების ნიუ-იორკში ხდება.

ესპანელი რეჟისორი პაბლო ბერგერი ფიქრობს, რომ ანიმაციით ნებისმიერი ტიპის ამბავი შეიძლება გადმოიცეს.

„ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს ჩემი დებიუტია.  „რობოტის ოცნება“ ჩემი მეოთხე ფილმია, თუმცა როგორც ანიმაციური ფილმი, პირველია,“ – განმარტავს პაბლო ბერგერი . „ მე კი ანიმაციის მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზულ ფესტივალზე ვიმყოფები. ამ ამბის გადმოცემა ანიმაციით მსურდა და ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა განცდების გადმოცემის საუკეთესო გზა. თუ გადავხედავთ დიდებულ რეჟისორებს, როგორებიც არიან ტაკაჰატა, მიაძაკი, ისინიც განცდებზე საუბრობენ, ანიმაცია მხოლოდ კომედია და მძაფრსიუჟეტიანი ფილმი არ უნდა იყოს.“

ანიმაცია ერთდროულად ხელოვნებაც არის და ინდუსტრიაც: „იმპერიალ ჰოტელში“ ტბის ნაპირზე საერთაშორისო ფილმების ბაზრობა გაიმართა.

ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობას (MIFA ) ფესტივალზე უზარმაზარი ადგილი ეთმობა, რის გამოც ანსი ანიმაციის ყველა მიმართულებისთვის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ  ღონისძიებად ითვლება.

“ანსი უნიკალური ფესტივალია მსოფლიოში იმ გაგებით, რომ ის ანიმაციის სრულ ჯაჭვს მოიცავს, მის ყველა ჟანრსა და სტილს,“ – ამბობს  ვერონიკა ენკრენაზი, MIFA -ის ხელმძღვანელი. „ჩვენ მივესალმებით ანიმაციის სკოლებს. წელს 3600 სტუდენტი გვყავდა, აკრედიტაცია კი 15 ათასმა გაიარა. ჩვენთან არის ახალი ტექნოლოგიები, რადგან ანიმაციისთვის საჭიროა გამოხატვის საშუალებები, ასევე გვყავდა პროდიუსრები, დისტრიბუტორები, არხები, რომლებსაც ფილმების ჩვენება სურთ.“

და როგორც ყოველ წელს, წლევანდელ ფესტივალზეც აქცენტი ერთ ქვეყანაზე გაკეთდა. ამჯერად რჩეული მექსიკა გახდა და სავსებით სამართლიანად, რადგან ამ ქვეყანაში ანიმაცია აღმავლობის გზაზე დგას.

 

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend