15 წლის წინ რუსული საოკუპაციო ჯარი საქართველოში შემოიჭრა. ამ ომის შედეგად დღეს საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული.
ბერდია ზაზაძის საარტილერიო ქვედანაყოფი ოკუპანტებს საარტილერიო ცეცხლით დაუხვდა.
როგორც თავად ამბობს, ბრძოლაში შვიდ აგვისტოს, ღამის 12 საათზე, ჩაერთო. მან საარტილერიო დახმარება აღმოუჩინა ქართველ ბიჭებს.
თვალებიდან დღესაც არ ამოსდის ის, რაც იქ ხდებოდა. საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ იღუპებოდნენ ჯარისკაცები, სამოქალაქო პირები.
ერთ-ერთი შეტაკების დროს ბერდია ზაზაძის ქვედანაყოფი რუსი ოკუპანტების ალყაში მოექცა. ქართველმა მებრძოლებმა ალყა გაარღვიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ერთმა დაჭრილმა მებრძოლმა ვერ გამოაღწია. ბერდია ზაზაძე უკან, ფრონტის წინა ხაზზე, მარტო მიბრუნდა.
ამ დროს ძალიან ძლიერი სროლა ატყდა, სხვადასხვა იარაღიდან ესროდნენ ქართველ ბიჭებს.
უკვე გზის მეორე მხარეს იყვნენ, როცა ჯარისკაცისგან შეიტყვეს, რომ ერთ-ერთი მებრძოლი იყო დაჭრილი. ზაზაძემ გადაწყვიტა, მარტო შესულიყო ფრონტის ხაზზე და ცოცხალი თუ მკვდარი მაინც გამოეყვანა იქიდან.
ბერდია ზაზაძე ბრძოლის ხაზზე გამოჩენილი მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. როგორც თავად ამბობს, ჯილდო საზეიმოდ IV ბრიგადის ბაზაზე გადასცეს.
წლების შემდეგ კი ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი ჯილდო უკრაინაში დაღუპული ქართველი თანამებრძოლის, ლევან სახელაშვილის, ოჯახს უსახსოვრა.
ბერდია ზაზაძე 2011 წლიდან აღარ მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. იგი ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად ერთ-ერთ სოფელში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.