ნიგერში სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთმა ლიდერმა გენერალ აბდურაჰმან ჩიანიმ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ნიგერმა ელჩები 4 ქვეყნიდან საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნიგერიიდან და ტოგოდან გამოითხოვა.
მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთთან ხელმოწერილი რამდენიმე სამხედრო ხელშეკრულება, განსაკუთრებით კი ის ხელშეკრულება, რომელიც ნიგერში ფრანგული დანაყოფების განთავსებას ითვალისწინებდა. საფრანგეთს, რომელმაც ნიგერიდან საფრანგეთის 577 მოქალაქე გაიყვანა, ჯიჰადისტების წინააღმდეგ საბრძოლველად ნიგერში 1500 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.
სამხედრო ლიდერები ასევე გამოეხმაურნენ დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის გაფრთხილებას და განაცხადეს, რომ ნებისმიერ საგარეო აგრესიას შესაბამის პასუხს გასცემენ. თანამეგობრობამ სამხედროებს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა.
ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ სამხედროებს, რომ პრეზიდენტი ბაზუმი და მისი ოჯახის წევრები უსაფრთხოდ გამოიყვანონ. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ კრიზის დროს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის, აფრიკის კავშირისა და რეგიონის სხვა მთავრობების ძალისხმევას, რომელიც ნიგერის დახმარებას ითვალისწინებს“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, იჯონ კირბიმ.
პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ ნიგერში გადატრიალებას შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს როგორც მსოფლიოსთვის, ისე რეგიონისთვის, მისი აზრით, ნიგერი რუსული გავლენის ქვეშ ექცევა. ნიგერის დედაქალაქში გადატრიალების მხარდასაჭერად ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი აქციაზე რუსეთის დროშებს აფრიალებენ და ანტიფრანგულ განცხადებებს ავრცელებენ.