მთავარისაქართველომოქნილი ფიქრის განვითარება

მოქნილი ფიქრის განვითარება

ელენე, გივი, მართა და გიორგი ექვსთვიან პროგრამაში მონაწილეობენ, რომელსაც ასე ჰქვია, „ნეიროპლასტიურობა და განათლება“. ეს სამედიცინო მეთოდოლოგია ავითარებს მათ მეხსიერებას, აზროვნებას,მეტყველებას, წარმოსახვით უნარებსა და კითხვის უნარს. იმ უნარებს, რომელთა დახვეწაც მათ გარკვეული სამედიცინო დიაგნოზის შემთხვევაში სჭირდებათ.  მათ გარდა, პროგრამაში სხვა პატარებიც იღებენ მონაწილეობას. პროცესში ჩართულები არიან ბავშვები, მათი მშობლები და მასწავლებლები. კვირაში ერთი დღე, სამი საათის განმავლობაში ისინი სხვადასხვა სავარჯიშოს აკეთებენ.

„პროექტის ძირითადი მიზანი არის ონკოლოგიური პაციენტების, კერძოდ ბავშვების, ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა, რათა უფრო უკეთესად მოხდეს მათი სოციუმში ინტეგრაცია და მძიმე მკურნალობის პროცესის შემდეგ, მათი დახმარება, განათლების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, პოზიტიური უნარჩვევების გამომუშავებაში,რაც მათ დაეხმარება რეალურად დაბრუნდნენ იმ გარემოში, რომელშიც ისინი სანამ ავად გახდებოდნენ მანამ იმყოფებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია,რომ პროექტის ფარგლებში მოხდა არამარტო ამ ბავშვების ჩართვა არამედ მათი დედმამიშვილების. სამუშაო პროცესში ბავშვები არიან თავის დებთან ძმებთან, ერთად და გაცილებით უფრო ეფექტური არის და უფრო პოზიტიურია ეს პროცესი“, – ამბობს თამარ ჯავახაძე, პროექტის ხელმძღვანელი.

ეს პროექტი თბილისში მიმდინარეობს, ბიბლიოთეკა-კულტურულ ცენტრ თანადგომაში, რომელიც 2016 წლიდან მუშაობს სწავლების დამხმარე ტექნოლოგიებზე.

“ძალიან მეგობრული და მყუდრო გარემოა, ძალიან მომწონს აქტივობები. რომ მოვდივარ პირველ რიგში მესალმებიან, ზოგჯერ ახალ აქტივობებსაც მახვედრებენ, ჯერ ვეცნობით , მეკითხებიან როგორ ხარ? მერე უკვე გვაძლევენ იმის უფლებას,რომ ავარჩიოთ აქტივობები და ვიწყებთ იმ აქტივობებით”, – ამბობს ელენე გოგატაძე, პროექტის მონაწილე

„ჯერ ვესალმებით ხოლმე ერთმანეთს, მერე ვიწყებთ თამაშს. ხან ციფრებს ვწერთ და ციფრები უნდა მივამსგავსოთ რამეს, კიდე ვთამაშობთ ბურთებით“ – ამბობს პროექტის მონაწილე, მართა მგელაძე.

„აქტივობებიდან მომწონს ბიოგრაფიებს რომ გვიყვება ფსიქოლოგი და მუსიკებს, რომ ვუსმენთ“- გვიყვება პროექტის მონაწილე, გივი გოგატაძე

„ ესე ბურთები ხელისგულზე უნდა გვეტრიალებინა, მერე თავზე ესე უნდა გადაგვეტარებინა და ერთმანეთისთვის უნდა გადაგვეგდო“, –  ამბობს გიორგი მგელაძე, პროექტის მონაწილე

პროგრამას ორი მენტორი ხელმძღვანელობს, ისინი ბავშვებს კლასიკურ მუსიკას ასმენინებენ, სპეციალურად ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სახალისო ანიმაციები, რომლებიც მუსიკას ახლავს. ასევე, პროგრამის მონაწილეებს სთავაზობენ სხვადასხვა იდეას და მათ გრაფიკულად წარმოსახვას სთხოვენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ეს მეთოდები, ბავშვის უნარების, სხვადასხვა ფსიქიკური ფუნქციების განვითარების მხრივ, რადგან სწავლის პოტენციალს ზრდის, სწავლის  პროცესში არსებული ბარიერების დაძლევაში და მათ პრევენციაში ეხმარება და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,როდესაც გავიგე ამ აქტივობის შესახებ ჩემთვისაც სასიხარულო იყო,რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილებაც შემომეტანა და ჩამედო წვლილი ამ კარგ საქმეში“, – ამბობს მარიამ ქსოვრელი, ფსიქოლოგი და ტრენერი.

„ჩვენი პირველი შეხვედრები არის გაცნობითი და ჩვენ ვხედავთ,რომ ნაკლები გახსნილობაა, შემდგომში უკვე ყველა შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ,რომ ბავშვები უფრო გახსნილები არიან, უფრო მეტი პოზიტივია, მშობლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. უკვე ვხედავთ,რომ იმ ყველაფერთან ერთად, ის პრობლემები, რაც სამედიცინო კუთხით არსებობს, უკვე ამ მენტალურ ჯანმრთელობასთან ერთად შედეგს გვაძლევს“,- ამბობს ექიმი და კონსულტანტი, ნატალია ებრალიძე.

პროგრამა ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს, თუმცა მის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ,რომ შემდგომშიც ბევრი დაინტერესდება, მათ შორის ფსიქოლოგებიც, რომლებიც ამ პრობლემის მქონე ბავშვებთან მუშაობენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend