მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONპოლონეთმა გერმანიიდან უკანონოდ შემოტანილი ნარჩენების გამო ევროკომისიაში საჩივარი შეიტანა

პოლონეთმა გერმანიიდან უკანონოდ შემოტანილი ნარჩენების გამო ევროკომისიაში საჩივარი შეიტანა

პოლონეთის ქალაქ ზელიონაგურაში გასულ თვეს ნაგავსაყრელზე გაჩენილი მასშტაბური ცეცხლის შემდეგ პოლონეთში ნარჩენის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა გაჩნდა. ნარჩენების უკანონოდ გადაყრა, მათი არაეფექტიანი შენახვა და დამუშავება პოლონეთში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. საზოგადოება ხელისუფლების დაუდევრობაში ადანაშაულებს.

„20 მილიონი ევროა საჭირო ნარჩენების გასატანად და ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების პრობლემის მოსაგვარებლად. ახლა კი ამას ემატება ნიადაგის მელიორაცია, აღდგენა, დაცვა, რისი საჭირო თანხაც შეიძლება გაათმაგდეს. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა. ჩვენ მუდმივად ვასაჩივრებთ, რადგან ნარჩენის გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების შესახებ ინფორმაციას დროულად არ გვაწვდიან. მაგალითად, ერთი კვირის შემდეგ მივიღეთ გაფრთხილება, რომ ადგილობრივი ბაღის მცენარეებთან სიფრთხილე გვმართებდა“, – განაცხადა ზელიონაგურის საკრებულოს წევრმა დარიუშ ლეგუტოვსკიმ.

ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ პოლონეთის კლიმატის სამინისტრომ ევროკომისიაში საჩივარი შეიტანა გერმანიიდან უკანონოდ შემოტანილ 35,000 ტონა ნარჩენთან დაკავშირებით. ეს პირველი აუცილებელი ნაბიჯია, სანამ ისინი ევროპის იუსტიციის სასამართლოს მიმართავენ.

„გერმანიის ხელისუფლება თავს ვალდებულად არ თვლის, ეს ნარჩენები თავად შეაგროვოს. გვინდოდა, ეს საკითხი სასამართლოს გარეშე გადაგვეწყვიტა, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. შესაბამისად, კანონის მიხედვით, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას აქვს უფლება, წარადგინოს საჩივარი ევროკომისიაში სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ – და ჩვენც ასე მოვიქეცით. ახლა კომიტეტს აქვს 3 თვე საკითხის გაანალიზებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის“, – განაცხადა პოლონეთის კლიმატის სამინისტროს სპიკერი, ალექსანდერ ბჟუზკა.

გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კრისტოფერ შტოლცენბერგმა განაცხადა, რომ უკანონო ნარჩენის დაბრუნება ფედერალური სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, გერმანიიდან ნარჩენების უკანონო გატანა გერმანიისთვის შემაშფოთებელია, ამიტომ ახლა სამინისტრო ნარჩენების უკანონო გადაზიდვის პრევენციის გზების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ზელიონაგურაში ნაგავსაყრელზე გაჩენილმა ხანძარმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ნარჩენების უკანონო ტრანსპორტირებისა და შენახვის პრობლემა. თუმცა ის გაცილებით მასშტაბურია.

„ქვეყანაში ამჟამად 400-ზე მეტი ასეთი არალეგალური ნაგავსაყრელია, სადაც 140-ამდე საშიში ტიპის ნარჩენი აღმოაჩინეს. ბევრი ჟურნალისტი საუბრობს ამ თემაზე. ხელისუფლება ამ პრობლემის წინაშე დიდი ხანია დგას. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ეკოლოგიურ დანაშაულთან ბრძოლის ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება და ასეთი ნაგავსაყრელების პრობლემა დროულად მოგვარდება“. – ამბობს ადგილობრივი ჟურნალისტი, ევა დუნალი.

ნაგავსაყრელებზე გაჩენილი ხანძრების გამო მთავრობა განიხილავს, რომ უფრო მეტად დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას ნარჩენების გატანაში. ხელისუფლება გრძნობს, რომ ზეწოლა გაზრდილია. ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველანაირად ეცდება, ეს პრობლემა სწრაფად მოაგვაროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend