ბულგარეთს, რომელიც ნატოსა და ვეროკავშირის წევრი სახელმწიფოა სურს, მიუერთდეს შენგენის თავისუფალი მიმოსვლის ზონასაც, რომლის ფარგლებშიც შიდა საზღვრები არ კონტროლდება. სამაგიეროდ, ძალიან მკაცრად კონტროლდება ევროკავშირის გარე საზღვრები. მაგრამ ბევრი მიგრანტი მაინც ახერხებს, ბალკანეთის ამ ქვეყანაზე გამავალი ნარეკლიანი გზით ევროკავშირში უკანონოდ შეღწევას.
ცივი ომის დროს მავთულხლართები და სათვალთვალო კოშკურები ყოფდა ერთმანეთისგან ვარშავის პაქტისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს. მათი ნარჩენები ახლაც კარგად ჩანს აქ, ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე.
დღეს ბულგარეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია. რკინის ფარდა შეცვალა თანამედროვე სასაზღვრო ღობემ, რომელიც მიგრანტებს საზღვრის უკანონო კვეთის საშუალებას არ აძლევს.
ბულგარეთს შენგენის თავისუფალი მიმოსვლის ზონასთან სურს მიერთება, რომლის ფარგლებშიც შიდა საზღვრები არ კონტროლდება. სამაგიეროდ, ძალიან მკაცრად კონტროლდება ევროკავშირის გარე საზღვრები.
თუმცა ბევრი მიგრანტი მაინც ახერხებს მწვანე ღობეში შეძრომას. შტიტის ეკლესიის
ქათქათა წვეტიანი სახურავი შესანიშნავი ორიენტირია.
შტიტი 40 სულისგან შემდგარი სოფელია. ადგილობრივები ხშირად ხვდებიან მიგრანტებს, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთენ.
70 წლის ხრისტომ თავის ბაღში შემიპატიჟა, რათა მომიყვეს ის, რაც რამდენიმე ცოტა ხნის წინ ნახა.
ხრისტო ბოიდევი, შტიტის მკვიდრი:
„ჩემს ვენახში გავედი და მის ახლოს 10 კაცი დავინახე. ისინი მწკრივად მოდიოდნენ სიმინდის ყანაში. ხელი დავუქნიე, მაგრამ არ გავჩერებულვარ, რადგან ადრე ასეთ ხალხთან პრობლემები მქონდა… 200 მეტრი რომ გავიარე, სასაზღვრო პოლიციას დავუძახე.“
ათი წლის წინ აქ საზღვრის ღობე საერთოდ არ იყო და მწვანე სასაზღვრო ზონა ევროპაში შესასვლელ ჭიშკრად იქცა ბალკანეთზე გამავალ საემიგრაციო მარშრუტზე. ხრისტოს ახლაც კარგად ახსოვს ყველაფერი:
„ადრე 500 კაცი მივიყვანე პოლიციაში ჩემი სატვირთოთი (დაახლოებით 2013-2014 წლებში). ეს გორაკი ხალხით იყო სავსე, საითაც არ უნდა გაგეხედა. მაშინ აქ ღობე არ იყო“, – ამბობს ხრისტო.
რამდენიმე თვეა, საზღვრის უკანონო კვეთის მსურველთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
სოფელი კაპიტან-ანდრეევო ევროპის ყველაზე მსხვილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტია. აქ ყოველ დღე ბულგარეთ-თურქეთის საზღვარს 3000 სატვირთო კვეთს.
ევროკავშირი მხარს უჭერს ბულგარეთს, რომ საზღვრის მართვა გააუმჯობესოს. ახლა კიდევ ერთი 200 მილიონ ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი დამტკიცდა. ბულგარეთი მზად არის შენგენის ზონისთვის, ამბობენ ევროკომისიაში. მაგრამ ნიდერლანდები და ავსტრია ბლოკავენ მის შესვლას. დებატები ამ საკითხზე ახლახან განახლდა. კულუარებში ამბობენ, რომ ბულგარეთი შენგენში ამ წლის ბოლომდე შევა.
ნიკოლაი რუსევი, კაპიტან-ანდრეევოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მთავარი ინსპექტორი:
„უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად საზღვარზე შემომსვლელ თითოეულ სატვირთოს ვამოწმებთ. შემოწმება მიმდინარეობს სპეციალური აირის დეტექტორით, რომელიც ნახშირორჟანგის მოცულობას ზომავს ტრაილერში. გულისცემის დეტექტორიც კი გვაქვს…“
მაგრამ ბოლო თვეებში საზღვარზე რამდენიმე სისხლიანი ინციდენტი მოხდა. პოლიციის კონტროლის აცილების მიზნით კონტრაბანდისტებმა სიჩქარეს მოუმატეს, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა. ამის შემდეგ ვითარება დიაძაბა ქალაქ ხარმანლიში. ფონდი Mission Wings (ფრთების მისია) ეხმარება მიგრანტებს პრობლემების გადაჭრაში. ალაა და სუსანა სირიიდან არიან. ორივეს ოჯახი თავდაპირველად თურქეთში ჩავიდა. მაგრამ როდესაც შეეშინდათ, რომ უკან გაგზავნიდნენ, გადაწყვიტეს, წინ, ევროპისკენ, წასულიყვნენ. სუსანას გერმანიაში სურს წასვლა.
სუსანა, სირიელი ლტოლვილი:
„თურქეთში 7 წელი ვიცხოვრე. ფსიქოლოგიურად ძალიან ვიტანჯებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში, რადგან იძულებული ვიყავით, ბანაკებში გვეცხოვრა, სადაც გაუსაძლისი პირობები იყო.“
ალაა, სირიელი ლტოლვილი:
„მეგობარი მყავდა, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა. მას ჰყავდა ნაცნობი, რომელიც ადამიანების გადამყვან კონტრაბანდისტებს იცნობდა, ბულგარეთში ერთად ჩამოვედით. საერთაშორისო მაგისტრალზე სოფიიდან 70 კილომეტრის დაშორებით ვიყავით, როდესაც პოლიციამ გაგვაჩერა და ბანაკში წაგვიყვანა. კონტრაბანდისტმა 4 ათასი ევრო გვთხოვა, თურქეთიდან სერბეთამდე რომ მივეყვანეთ. მაგრამ, რადგან ბულგარეთში დავრჩით, 3 ათასი გამოგვართვა.“
ჰამიდი ირანიდანაა. იგი ექიმია და ცუდი რეპუტაციით ცნობილ ევინის ციხეში ორი წელი გაატარა. ჰამიდმა მთელი თურქეთი გადალახა და ფეხით გადავიდა ბულგარეთში, სადაც მესაზღვრეებს გადაეყარა.
ჰამიდ ხოშსეიარი, თარჯიმანი და ფონდ Mission Wings-ის კოორდინატორი:
„მაიძულეს, პერანგი კისრამდე ამეწია და მიწაზე დავწოლილიყავი…ამის მერე ცემა დამიწყეს. ერთი ჯოხი მქონდა, რომელსაც სიარულის დროს ვიყენებდი. აი, ის ჯოხი მირტყეს, სანამ არ გატყდა.“
ეს გამონაკლისი არ არის, ამბობს Mission Wings-ის დამფუძნებელი დიანა დიმოვა. მიგრანტები დიანასა და მის გუნდს ენდობიან და უყვებიან იმ ძალადობის შესახებ, რომელიც მიგრანტებს შორის ხდება, ასევე მოძალადე კონტრაბანდისტებსა და სასაზღვრო პოლიციაზე.
დიანა დიმოვა, ფონდ „ფრთების მისიის“ დამფუძნებელი:
„ერთი წლის განმავლობაში 600 კაცი ოფიციალურად გვიყვებოდა იმ ძალადობის ამბავს, რომელიც საზღვარზე გადაიტანეს უკან გაბრუნების დროს. იმდენი ჭრილობა ვნახეთ… მათ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციამ სცემა. ამ ბიჭებმა ვიდეო გამომგვიგზავნეს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ სცემეს.“
„გვცემეს, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. მანამდე გვირტყეს, სანამ, რაც გვებადა, ყველაფერი არ წაგვართვეს“, – ამბობს ვიდეოში მსხვერპლი.
ეს ბრალდებები ამ რეგიონის სასაზღვრო პოლიციის დირექტორს წარვუდგინე. კითხვაზე – მართალია თუ არა, რომ თქვენი თანამშრომლები ძარცვავენ მიგრანტებს, სანამ იძულებით გააბრუნებენ თურქეთში – ივაილო ტონჩევი მპასუხობს, რომ ამ წლის პირველ ნახევარში საზღვრის უკანონო კვეთის 79 ათასი მცდელობა აღიკვეთა. მაგრამ…
„ჩვენ მიგრანტებზე არ ვძალადობთ“, – ამბობს ივაილო ტონჩევი, ელხოვოს სასაზღვრო პოლიციის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი. „იმ შემთხვევებში, როდესაც ფიზიკურ ძალას ან სხვა ტექნიკური იარაღს ვიყენებთ, ეს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ხდება. თუმცა, მეორე მხრივ, არიან მიგრანტთა აგრესიული ჯგუფებიც, რომლებიც ქვებს გვესვრიან ჩვენც და ჩვენს მანქანებსაც, ქვებს თურქეთის მხრიდან გვესვრიან“
თუმცა დიანა დიმოვა უფრო მძიმე ბრალდებებზეც საუბრობს…
დიანა დიმოვა, ფონდ „ფრთების მისიის“ დამფუძნებელი:
„ისინი მხოლოდ კი არ სცემენ ხალხს, არამედ იარაღსაც იყენებენ, ზოგიერთი კინაღამ მოკლეს.“
საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმა Lighthouse Reports-მა „ევრონიუსს“ გადასცა ვიდეო, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ცდილობენ მიგრანტები სასაზღვრო ღობეზე გადაძვრომას.
აბდულა ელ რუსტუმ მოჰამედი, მოწმე:
„ტყვიამ ხელის კუნთში გამიარა და მეორე მხრიდან გავიდა… მერე გულთან ახლოს მომხვდა და ზურგზეც მომარტყეს. ტყვიებს ჰაერში არ ისროდენენ, მიზანმიმართულად მოკვლის მიზნით მესროლეს.“
თავად ტონჩევი ამ კრიმინალური სცენის დროს ახლოს იყო და მოითხოვა, რომ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით ჩაეტარებინათ, მათ შორის შეესწავლათ სათვალთვალო კამერის არქივიც. საბოლოოდ კი დაასკვნეს, რომ ამ არემაერში არაფერი მომხდარა.
ივაილო ტონჩევი, ელხოვოს სასაზღვრო პოლიციის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი:
„ასეთ შემთხვევაში, რაც ყველაზე კარგად მუშაობს, არის ამ ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა. რაც შეეხება ამ ინციდენეტს: მე მქონდა საგანგებო შეხვედრა ჩემს თურქ კოლეგასთან ქირქლარელის (თურქეთი) რეგიონში მალკო-ტირნოვოსთან (ბულგარეთის ტერიტორია) ახლოს. მან მითხრა, რომ ეს ჯგუფი არასოდეს მოსულა საზღვართან.“
დედაქალაქ სოფიაში რომ დავბრუნდი, შევხვდი ბულგარეთის „ჰელსინკის კომიტეტის“ ხელმძღვანელს. ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციაში გასულ წელს საზღვრიდან უკანონო გაბრუნების 5 ათასი საქმეა აღნუსხული. თუმცა რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მაღალი უნდა იყოს. რას ურჩევდით სასამართლო და პოლიტიკური სპექტრის წარმოამდგენლებს – ვეკითხები მას.
კრასიმირ კანევი, „ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტის“ თავმჯდომარე:
„გვქონდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად ადამიანები დაიხოცნენ…ეს უნდა გამოიძიონ და დამნაშვეები გაასამართლონ! ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს! – ასევე ვურჩევდით პოლიტკოსებს, რომ მიგრაციის კანონიერი არხები შექმნან.“
სანამ ამ ქალაქის განაპირას პოლიციის მანქანების სადგომისკენ მივემართებოდი, ევროპარლამენტში ბრიუსელში კიდევ ერთხელ ითქვა, რომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში მიიღებენ. თუმცა შენგენის ზონა ვერ დაასრულებს საზღვრის უკანონო კვეთას. გადაკეთებული ხე-ტყის გადასაზიდი სატვირთო სიკვდილის ხაფანგად იქცა. მისი საიდუმლო სამალავით 52 ავღანელმა სცადა გადასვლა და 18 დაიღუპა.
მარიან მარინოვი, ეროვნული საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი:
„ამ სატვირთოში ორი საიდუმლო განყოფილებაა. როდესაც ამ სამალავის კარი დაიხურა, მის შიგნით მყოფმა მიგრანტებმა ვეღარ გახსნეს თავისით კარი.“
თვითნაკეთმა ვენტილაციამ ვერ იმუშავა. ხალხი საზარელი სიკვდილით დაიღუპა.
მარიან მარინოვი, ეროვნული საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი:
„ასეთი სამალავის მთავარი პრობელმა ის არის, რომ იქ ჰაერი არსაიდან შედიოდა, ამიტომ მიგრანტებმა ვეღარ შეძლეს სუნთქვა და ჰაერის უკმარისობით დაიხრჩვნენ. ეს სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ხალხი დაიხუთა. ჩემი აზრით, ეს რომ აღარ მოხდეს, საზღვარი უკეთ უნდა გაკონტროლდეს.“
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი