უკრაინა და ხორვატია შეთანხმდნენ, რომ დუნაისა და ადრიატიკის ზღვაზე მდებარე ხორვატიის პორტები გამოიყენონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. შეთანხმება კეივში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღწეული.
რუსული ავიადარტყმების შედეგად მიმდინარე თვეს, მხოლოდ ცხრა დღის განმავლობაში, 180 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ორი კვირის წინ მოსკოვმა დატოვა მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შავ ზღვაზე საკვები პროდუქტის უსაფრთხო ექსპორტს ითვალისწინებდა. უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანაა, შეთანხმება კი, რომელიც გაეროსა და თურქეთის ჩართულობით იქნა მიღწეული, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქვთ შესაძლებლობა, უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენონ ხორვატიის პორტები დუნაისა და ადრიატიკის ზღვაზე. ახლა ისინი იზრუნებენ ამ პორტებამდე ყველაზე ეფექტური მარშრუტების შემუშავებაზე, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. მისი შეფასებით, ექსპორტის განბლოკვის ნებისმიერი მცდელობა მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილია.
რუსეთი კი აძლიერებს სარაკეტო თავდასხმებს. ორშაბათს კრივი-რიჰში საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი იერიშის შედეგად 20 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, დაშავებულია კიდევ 60 ადამიანი. გაეროში აცხადებენ, რომ უკრაინას სულ უფრო მეტად სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება.
უკრაინაში გაეროს კოორდინატორი ჰუმანიტარულ საკითხებში დენის ბრაუნი ამბობს, რომ მათი ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა მხოლოდ 30 პროცენტით ფინანსდება. მისი თქმით, ჯერ პირველი აგვისტოა, თუმცა დილის საათებში უკვე ძალიან ცივა. უკრაინაში ათასობით სახლი და საცხოვრებელი კორპუსია დაზიანებული. ამას გასულ ზამთარს მიყენებული ზიანიც ემატება.
შეერთებული შტატების წარმომადგენელი აგვისტოში საუდის არაბეთში უკრაინის სამშვიდობო სამიტს დაესწრება. სამიტი ჯიდაში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე არ არის მიწვეული, იმედოვნებენ, რომ ჩინეთი თავის დელეგაციას მაინც გამოგზავნის.