მთავარიმსოფლიომებრძოლი ქალები

მებრძოლი ქალები

მებრძოლი ქალი კაცობრიობის ისტორიისთვის უცხო არ არის. ანტიკური პერიოდიდან დღემდე ქალები როგორც რიგითი მებრძოლების, ასევე მხედართმთავრების როლში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სახის კონფლიქტში.

დღეს რამდენიმე სახელმწიფო სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქალებსაც იწვევს. თუმცა, ვიდრე უშუალოდ ამ სახელმწიფოებსა და საქართველოს რეალობაზე ვისაუბრებთ, გაგაცნობთ ცნობილ მებრძოლ ქალებს.

ყველასთვის ცნობილია მხედართმთავარი ქალი ჟანა დარკი. მის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ჟანა დარკი ასწლიანი ომის დროს საფრანგეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა და იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ.

დღეს იგი საფრანგეთის ეროვნული გმირია.

ქალების როლი განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიკვეთა. მოკავშირეებისა თუ ფაშისტური გერმანიის მხარეს ქალები ჩართული იყვნენ როგორც საბრძოლო ქვედანაყოფებში, ასევე სამედიცინო და სხვა მიმართულებით.

უკრაინელი ლუდმილა პავლიჩენკო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, სნაიპერი იყო. მისმა წარმატებულმა ბრძოლამ მოკავშირეების ყურადღებაც მიიქცია და პავლიჩენკო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი მიიწვიეს.

ისტორიას ახსოვს გოლდა მეირი, რომელიც ისრაელის მე-5 პრემიერ-მინისტრი იყო. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისრაელმა იომ ქიფურის ომი აწარმოა და მაშინ ისრაელმა ფაქტობრივად წაგებული ომი მოიგო, გოლდა მეირი დაჯილდოებულია არაერთი მედლით.
აღიშვნის ღირსია ასევე ადმირალი გრეის ჰოპერი, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გამოჩენილი მოღვაწე, პროგრამისტი და პროგრამირების ენის ერთ-ერთი პირველი პიონერი.

სწორედ ადმირალ ჰოპერს უკავშირებენ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ციფრულ ეპოქაში გადაყვანას. მას ტექნოლოგიებში მიღწევებისა და საზღვაო ძალების წოდების გამო ხშირად „საოცარ გრეისს“ უწოდებენ.

გავიხსენოთ ასევე ქალი დიდი ბრიტანეთიდან – ფლორენს ნაიტინგეილი. იგი რუსეთ-თურქეთის, ყირიმის ომის დროს გახდა ცნობილი. მას ბრიტანელი ჯარისკაცების მოვლა ევალებოდა. სიბნელეში მუშაობის გამო მას შეარქვეს მეტსახელი “ქალბატონი ლამპრით”. ფლორენს ნაიტინგეილი ყველა საბრძოლო მედდის ინსპირაციაა.

და ბოლოს დღევანდელ მოკლე მიმოხილვას დავასრულებ უკანასკნელი ომებით. ჩეჩენი სნაიპერი ქალები რუსი აგრესორებისთვის კავკასიონის მთებში, მართლაც რომ, რთულად მოსაგერიებლები იყვნენ. ეს თემა რუსულმა მედიამაც აიტაცა და პროპაგანდისტული მიზნებით მრავალ დეზინფორმაციასაც ავრცელებდა.

დღეს კი ქალები ჩაბმული არიან რუსეთის ომში და უკრაინას იცავენ. მათ შორის არიან ჩვენი თანამემამულეებიც.
უკრაინის ომში ქალები მედდებად, სნაიპერებად და უბრალო მებრძოლებად რუსეთის საოკუპაციო ჯარების შეჭრისთანავე ჩაერთნენ. უკრაინელ მებრძოლ ქალებზე გადაიღეს ფილმიც – „უხილავი ბატალიონი“. ახლაც, როდესაც უკრაინის არმია რუსულ საოკუპაციო ჯარებს კონტრშეტევით პასუხობს საბრძოლო პოზიციებზე, ქალები მამაკაცებს ტოლს არ უდებენ.
თუმცა ერთია მოხალისეობა და მეორე საკითხია სავალდებულო სამხედრო სამსახური. საინტერესოა, მსოფლიოში რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით.
ლიბია, მალაიზია, ბირმა ის ქვეყნებია, რომლებმაც 2010 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი მიიღეს და ქალები ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევს ქალებს ჩრდილოეთი კორეაც.

ქალები ვალდებული არიან, გაიარონ სამხედრო სამსახური ნორვეგიაშიც. ნატოს ქვეყნებიდან ნორვეგიამ პირველმა დააწესა სავალდებულო სამხედრო სამსახური როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი შემოიღო შვედეთმაც 2017 წელს.
რაც შეეხება ისრაელს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე ძლიერი ჯარი ჰყავს. მისი სამხედრო ბიუჯეტი 24 მილიარდ დოლარს აღემატება (ერთ სულ მოსახლეზე ისრაელი სამხედრო ხარჯებით მე-2 ადგილზეა მსოფლიოში). ისრაელს ასევე ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ამასთან ერთად მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს: ამჟამად ისრაელის აქტიურ სამხედრო სამსახურში იმყოფება დაახლოებით 173 000 ადამიანი (60% წვევამდელები), ხოლო რეზერვში ირიცხება დაახლოებით 465 000 პირი.

ამ ქვეყანაში ქალებსაც იწვევენ საყოველთაო სამხედრო სამსახურში. სპეციალურ ქალთა დანაყოფებში 18-24 წლის ქალები 21 თვით გადიან მსახურებას. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავისუფლდებიან მხოლოდ ფეხმძიმობის, ქორწინების, ჯანმრთელობის ან რელიგიური მიზეზებით. სამსახურის დამთავრების შემდეგ მათი უმეტესობა თავისუფლდება ყოველწლიური სამხედრო გადასახადისგან. ბევრ მათგანს იწვევენ არასაბრძოლო ნაწილებში, თუმცა ისინი გვხვდებიან საარტილერიო და სასაზღვრო დანაყოფებშიც. არსებობს ქალთა და მამაკაცთა შერეული ოცეულებიც.

ისრაელის სავალდებულო სამხედრო გაწვევის ფარგლებში მამაკაცები ვალდებული არიან იმსახურონ მინიმუმ 30 თვის განმავლობაში, ქალებისთვის კი ეს ვადა 18 თვით განისაზღვრება. ამჟამად ათამდე პროგრამა მუშაობს ამ ვადების შესამცირებლად, რის გამოც წვევამდელთა მხოლოდ 30% მსახურობს სრული ვადით.
ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. ისინი, ვინც ამ კანონს ეთანხმებიან, ამტკიცებენ, რომ ქალებსა და მამაკაცებს ჯარში მსახურების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე ისინი ასკვნიან, რომ მამაკაცთან შედარებით ობიექტური ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, ქალები უფრო გამძლეები არიან და უფრო კარგად ეგუებიან ხანგრძლივ დატვირთვას.

მათ ასევე არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ისტორიას უამრავი ასეთი მებრძოლი ქალი ახსოვს. ექსპერტების აზრით, ქალებს მამაკაცისგან განსხვავებით უფრო კარგად აქვთ განვითარებული პერიფერიული მხედველობა. მზერის კუთხე ქალებში თითქმის 180 გრადუსს აღწევს, რაც საშუალებას აძლევთ მათ, უფრო კარგად აღიქვან გარემო და ყველა დეტალი, მაშინ, როდესაც მამაკაცების მზერა ფოკუსურია, თუმცა უფრო შორსმხედველი, ქალთა მაღალგანვითარებული ინტუიცია მათი უდავო უპირატესობაა.

წვრილმანებისა და დეტალებისადმი ქალთა ბუნებრივი ინტერესის წყალობით ქალები მამაკაცებზე დაკვირვებულები არიან. თუმცა არის პრობლემებიც. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ფიზიოლოგიური განსხვავების გამო უშუალოდ ბრძოლის ველზე ქალი უფრო ნაკლებად კონკურენტუნარიანია.


რა სიტუაციაა ქართულ რეალობაში


საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ქალებს არ ეხებათ, თუმცა კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ საქართველოს დაცვა ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია. სამხედრო სამსახურის გავლის წესი კი განისაზღვრება კანონით. კანონის თანახმად, ქალებს შეუძლიათ, ჩაერთონ როგორც სავალდებულო, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.
ქართველი სამხედრო ქალები მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებში.

იბრძოდნენ ავღანეთში, ერაყში. წარმოდგენილი არიან მრავალეროვნულ შტაბებში, საბრძოლო ქვედანაყოფებსა და სამხედრო საგანმანათლებლო სფეროში.


ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებიც ასე ხშირია მსოფლიოში, ქალები აქტიურად მონაწილეობენ. მათ სამშობლოს დასაცავად გამართულ ბრძოლაში არაერთხელ უსახელებიათ თავი. ამის მაგალითია თუნდაც ჩვენ მიერ უკვე ნახსენები უკრაინის ომი და მასში მონაწილე ქართველი მებრძოლი ქალები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend