მთავარისაქართველოთბილისელი სმირნოვები

თბილისელი სმირნოვები

ამ კიბით ავდივართ იმ სახლში,რომელშიც სმირნოვების 3 თაობა საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. შენობა, რომელშიც დღეს „სმირნოვების მუზეუმია“, ძველ თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის N 20-ში მდებარეობს. ის 1859 წელს,  ცნობილი ვაჭრის, იაგორ თამამშევისთვის, გერმანელი არქიტექტორის, ოტო სიმონსონის პროექტის მიხედვით აშენდა.

„თვითონ მიხეილ სმირნოვი, უფროსი თაობის წარმომადგენელი,რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, მას სმირნოვ-კავკაზსკითიც მოიხსენიებდნენ,იმიტომ, რომ მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფლორისა და ფაუნის შესწავლაში, იგი ბიოლოგი იყო პროფესიით და ჩამოვიდა მეცნიერული კვლევის მიზნით,მაგრამ როდესაც მას თბილისში მოუწია ცხოვრება, გაიცნო შესანიშნავი და ძალიან ფაქიზი გარეგნობის ქალბატონი, თამამშევების ოჯახის ქალიშვილი, მათ შორის რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიყვარული და სიმპათია ჩამოყალიბდა და შეირთო ცოლად. მოხდა ისე,რომ სმირნოვს, აქ საცხოვრებელი სახლი ბუნებრივია არ ჰქონდა, მაშინ თამამშევების ოჯახმა, თამამშევას ბაბუამ მზითვად უბოძა. სმირნოვების შემდგომი თაობა, ეს  იყო შუა თაობა, გიორგი სმირნოვი, რომელიც ასევე საქართველოს მეცნიერებაში დიდ წვლილს შეიტანს, ის გახლავთ გეოლოგი, ივანე ჯავახიშვილის თანაკლასელი, ძალიან განათლებული, ჭკვიანი და საქმიანი ადამიანი, რომელმაც ქართულ გეოლოგიაში გარდამტეხი წვლილი შეიტანა და ბევრი სამეცნიერო ნაშრომიც აქვს შექმნილი. ბოლო სმირნოვი, რომელმაც ჩვენ საქართველოს გვიანდერძა საკუთარი სახლი, როგორც კეთილი ნება, თავის დედასთან ერთად ეს გახლდათ მიხეილ სმირნოვი“, – ამბობს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მარიამ გაჩეჩილაძე.

მუზეუმი 2017 წელს გაიხსნა, მანამდე ის  კავკასიური სახლის სლავურ განყოფილებას წარმოადგენდა. მუზეუმი 4 ოთახისგან შედგება და სახლში 3000-ზე მეტი ექსპონატია შემონახული. პირველ ოთახში შემოსვლისას ყურადღებას, ეს უზარმაზარი პორტრეტი იპყრობს,რომელიც მიხეილის დედის, ალექსანდრა სმირნოვაროსსეტისაა. მისი ბებია ქართველი იყო, გვარად ციციშვილი, ხოლო მამა,  ცნობილი პოლიტიკოსი რუსეთში. მუზეუმშივე ინახება მისი სხვა ნივთებიც, რომლებიც მიხეილმა პეტერბურგიდან ჩამოიტანა.

“ ამ ოთახს ალექსანდრას ოთახს ვუწოდებთ, იმიტომ,რომ მისი არაჩვეულებრივი პორტრეტი კიდია აქ, ქსავიერ ვინტერჰარტერის ნამუშევარი, პარიზში დახატული, იგივე სურათს დამთვალიერებელი ნახავს დადიანების სასახლეში, ეკატერინე დადიანის პორტრეტის სახით, ამ გარემოში ძალიან ბევრი საინტერესო ნივთი გვაქვს, თვითონ ალექსანდრას სალონიდან ჩამოტანილი, აი ეს სარკე, საათი, მაგიდები,რომლებიც პეტრე პირველის შემოქმედებას მიეწერება, აქ მაგალითად ილია ჭავჭავაძის ხელნაწერიც გვაქვს,რომელიც ასევე ამ ოჯახში დადიოდა და კოლა ერისთავისადმი მიწერილია, ეს ილიას ხელნაწერი, არ არის თავად ილიას მუზეუმში“, – ამბობს ბაია ამაშუკელი, სმირნოვების მუზეუმის დირექტორი.

მუზეუმში შეხვდებით ბარათაშვილის 1922 წელს დასტამბულ  „ბედი ქართლისას“, რომელიც იშვიათი გამოცემაა. ეკატერინე მეორეს მოოქროვილ სათუთუნეს, ბეჭედს რომანოვების გერბით, ხატებსა და ასევე ბროლის თასებს.  აქვეა სასადილო ოთახი, რომელშიც საოჯახო ჭურჭელია დაცული. ნახავთ კარადებს, ძველებურ ნავთის ლამფებსა და შანდლებს.

„ეს გახლავთ სმირნოვების ოჯახის ტანსაცმელი ნაწილი რასაკვირველია,რაც შემორჩა და ვცდილობთ,რომ შევინახოთ და ვიტრინებში გვინდა საბოლოოდ,რომ განთავსდეს,სხვადასხვა ქუდები, ბევრი მაქმანები, ეს ყველაფერი შენახულია, აღწერილია და მათ ვუფრთხილდებით,ეს არის ჩვენი ქართული კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენ ეს უნდა შევინახოთ და გადავცეთ მერე მომავალ თაობას, მაგრამ თან უნდა შევაყვაროთ ეს ყველაფერი“,- გვიყვება ბაია ამაშუკელი.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ეს შენობა, კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ კომუნალურ საცხოვრებლად გადაკეთდა. ამიტომ, სმირნოვები ერთი პერიოდი აქ აღარ ცხოვრობდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ამ სახლზე ზრუნვა, კავკასიურმა სახლმა იკისრა.

„ სახლს გაუკეთდა რეკონსტრუქცია, ეს იყო ძალიან მიუღებელი მითუმეტეს  ჩვენთვის,ხელოვნების ისტორიკოსებისათვის, რადგან ეს იყო ოტო სიმონსონის მიერ აგებული ნაგებობა, რომელიც პირველი ნაგებობა იყო ჯერ კიდევ 27 წლის ასაკში იყო, ახლად იდგავდა ფეხს როგორც არქიტექტორი,  ეს იყო უნიკალური კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლი. ვითომ რაღაცა ფორმით შენარჩუნდა ფასადი, მაგრამ დაემატა სართული, შეიცვალა ინტერიერი და არა მხოლოდ ინტერიერი, მოკლედ რაც არის დღეს ეს არის“, – ამბობს მარიამ გაჩეჩილაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

მაგრამ მუზეუმში კვლავ დგას პიანინო, რომელზეც თბილისში სტუმრობისას პეტრე ჩაიკოვსკი უკრავდა. ინახება მისი ფოტოც- ავტოგრაფით, რომელიც კომპოზიტორმა სახლის დიასახლისს, ლიზა თამამშევას უძღვნა.

ფერენც ლისტის ფოტო კი, ალექსანდრა სმირნოვაროსეტისა და დიდი კომპოზიტორის, ლისტისგან  სამეგობრო სახსოვარია. აქ იმდროინდელი თბილისისა და მისი სტუმრების მთელი კულტურული  ელიტა იყრიდა თავს – ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, ანტონ რუბინშტეინი, ტიციან ტაბიძე,  ევგენი ლანსერე, და სხვები. იმართებოდა პოეზიისა და მუსიკალური საღამოები.

სმირნოვების ყველა თაობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ სფეროში და რაც მთავარია, გვარის  ბოლო წარმომადგენელმა მიხეილმა, ოჯახის რელიკვია და სახლი საქართველოს უანდერძა. დღეისთვის, მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ელენე ქორქია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend