ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 13 თებერვალს წარდგენილ კანდიდატს და შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს რობინ დანიგანი შეცვლის.
დანიგანი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
30 მარტს კონგრესში მოსმენაზე მან განაცხადა, რომ თუ საქართველოში ელჩად მას დაამტკიცებდნენ, ის საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ერთად იმუშავებდა ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და ზოგადად დასავლურ სამყაროში ინტეგრირებისთვის.
ასევე ხელს შეუწყობდა ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს საქართველოში. ხოლო რაც შეეხება ამჟამინდელ ელჩს, კელი დეგნანი 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცეს საქართველოს ელჩად და ის მოვალეობას 2020 წლის იანვრიდან ასრულებდა.