ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა: „დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი შინეიდი. ყველანი, მისი ოჯახი და მეგობრები, განადგურებულები ვართ. ყველას ვთხოვთ, მოგვეცით მარტო ყოფნის საშუალება ამ ურთულეს დროს.“ მომღერლის გარდაცვალების მიზეზებზე ოჯახის წევრები ჯერ არ საუბრობენ.
შინეიდ ო’კონორმა, რომელმაც ყველას თავი გადაპარსული თმით დაამახსოვრა, კარიერა დუბლინის ქუჩებში სიმღერით დაიწყო და პოპულარულობაც მალევე მოიპოვა. სადებიუტო ალბომით „ლომი და კობრა“ შინეიდი 1987 წელს ვარსკვლავი გახდა. მან 1990 წელს პრინცის ბალადის “Nothing Compares 2 U”-ის ქავერი შეასრულა, რომელიც ევროპისა და ავსტრალიის მასშტაბით ჩარტებში ლიდერობდა. ქავერი გრემზე სამ კატეგორიაშიც იყო წარდგენილი. როლინგ სტოუნმა კი ო’კონორი 1991 წლის არტისტად დაასახელა.
შინეიდი ცნობილი იყო თავისი არაკონფორმისტული ხასიათითა და პოლიტიკური შეხედულებებით. ო’კონორის განცხადებით, თმა იმ პროდიუსერების საპასუხოდ გადაიპარსა, რომლებიც აიძულებდნენ, შოუბიზნესში სილამაზის სტანდარტებს მორგებოდა. მომღერალი ხშირად აკრიტიკებდა კათოლიკურ ეკლესიასაც. იგი მრავალი წლის განმავლობაში მოითხოვდა ეკლესიაში გამოძიების დაწყებას იმ სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომლებიც ბავშვებზე ძალადობდნენ.
ამ დროს ის შოუბიზნესს ჩამოშორებული იყო. 2007 წელს კი ო’კონორი სიმღერას დაუბრუნდა, როდესაც მან ახალი ალბომი „თეოლოგია“ გამოსცა. „გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მირჩიეს, რომ გარშემო არსებული სირთულეების გამო ხელოვნებაზე უარი არ მეთქვა და მუშაობა არ შემეჩერებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა ყველანაირი საშუალება, რომ მე ჩემს სფეროში დავბრუნებულიყავი”, – ამბობდა შინეიდ ო’კონორი შოუბიზნესში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ირლანდიელმა მუსიკოსმა ბოლო ალბომი 2014 წელს გამოუშვა.