მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა პროტესტი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. დაპირისპირება პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე.
მთავრობის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო რეფორმა დიდ ძალაუფლებას ანიჭებს პოლიტიკოსებს, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ორშაბათს ქნესეთმა კანონპროექტის რატიფიცირება მოახდინა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტი მოჰყვა. ისინი არ დაესწრნენ კენჭისყრას.
საღამოს პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზოგადოებას ტელევიზიით მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს ისრაელმა გადადგა კიდევ ერთი აუცილებელი დემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსის აღდგენას. ეს პროცესი თითქმის 50 წელი გრძელდებოდა. მისი თქმით, მიღებულ ცვლილებას გონივრული მიზეზი აქვს, რათა მთავრობამ შეძლოს ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე იმოქმედოს.
კრიტიკოსების შეფასებით, ეს ცვლილება ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და დემოკრატიის ნორმების დამახინჯების ნათელი მაგალითია. ახალი რეფორმა ნეთანიაჰუს დაეხმარება, თავიდან აირიდოს ის ბრალდებები, რომლებიც მას აქვს წაყენებული. თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ახალი კანონი საშუალებას მისცემს ნეთანიაჰუს მთავრობაში მყოფ ულტრანაციონალისტებს, ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივი ან სრული ანექსია მოახდინონ.