მეხანძრეები საბერძნეთში ტყის ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დილის საათებში ვითარება გაუმჯობესდა, დღის განმვალობაში ცეცხლი გაღვივდა და ახალი კერებიც გაჩნდა. ხელისუფლება იძულებული გახდა, ათენის ჩრდილოეთით ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინა.
სამოქალაქო დაცვის მინისტრის ვასილის კიკილიასის თქმით, გასული სამი დღის განმავლობაში საბერძნეთში ხანძრის 200 ახალი კერა გაჩნდა. დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად სახელმწიფო მოხელეებიც ითვლიან მიყენებულ ზარალს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აღნიშნავს, რომ არც ისე ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც დაკარგეს ქონება. საბერძნეთს ახლა აქვს განახლებული სახელმწიფო დახმარების სისტემა. ზარალის შეფასება უკვე დაწყებულია. მიცოტაკისის თქმით, მთავრობა ბევრად უფრო სწრაფი ტემპით მოქმედებს, ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი. ხელისუფლების მიზანია, ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქეებმა დროულად შეძლონ თავიანთი სახლების აღდგენა და ცხოვრების მოწესრიგება.
ამასთანავე, საბერძნეთში ყოველდღიურად იზრდება ტემპერატურა. ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სითბური ტალღა პიკს კვირას მიაღწევს და ტემპერატურა 44 გრადუსამდე ავა. ორშაბათს მცირედით დაიკლებს, თუმცა სამშაბათს კვლავ მოიმატებს. მაღალი ტემპერატურის გამო გაიცა განკარგულება არქეოლოგიური ობიექტების შუადღისას 5,5 საათით დახურვის შესახებ. რეგულაცია ძალაში ერთი კვირა მაინც იმოქმედებს.