საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ. მათ ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებული განცხადების თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობას. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დღეს, 17 ივლისს, ჩამოვიდა.
უზბეკეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ აბდუშელიშვილის თქმით, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ ყოფილა.