მთავარიმსოფლიოისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ბოლო პერიოდში მსოფლიომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მორიგი ტალღა იხილა. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელმა ბოლო 20 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. სამხედრო ოპერაციისას გამოყენებული იყო მსუბუქი ჯავშანმანქანები და უპილოტო საფრენი აპარატებიც.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ამ ოპერაციის შედეგად სულ მცირე 10 პალესტინელი მოქალაქე დაიღუპა. მიზეზად კი დასახელდა წინა პერიოდში პალესტინის იერიშები, რომელთაც 4 ისრაელელი მოქალაქე შეეწირა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში, ამ საბრძოლო კამპანიის დროს ისრაელელმა სამხედროებმა, როგორც თავად აცხადებენ, ამოიღეს დიდი ოდენობით შეიარაღება. ძირითადი სამიზნე ქალაქ ჯენინში იყო დევნილთა დასახლება, სადაც გასულ დღეებში არაერთი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

პალესტინურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ სამხედრო ოპერაციის შემდეგ რაიონი 3000-ამდე მოქალაქემ დატოვა. როგორც ოფიციალური თელავივი ამბობს, სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის მიერ მხარდაჭერილი ცალკეული დაჯგუფებების განადგურება იყო. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს და ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს სათავეს.

როგორ დაიწყო ეს ამბავი და რატომ ვერ მოიძებნა გამოსავალი ათწლეულების განმავლობაში? ოფიციალური თელავივი ყოველთვის მიანიშნებს, რომ საბრძოლო მოქმედებებს წინ უძღვის ისრაელის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა.

ძირითადად ისრაელს თავს ესხმიან ღაზის სექტორიდან, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან და ლიბანიდან ისრაელის შუაგულამდე. მოწინააღმდეგის სამიზნე ხშირად ყოფილა ქალაქები: აფულა, ხაიფა, ტიბერია, თელავივი, ბეერ-შევა, აშკელონი, იერუსალიმი.

მოწინააღმდეგე ძირითადად სხვადასხვა კალიბრის რაკეტებს იყენებს ამ ქალაქების დასაბომბად. როდესაც ვსაუბრობთ სარაკეტო იერიშზე, უნდა ვახსენოთ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა – ე.წ. „რკინის გუმბათი“. მას ისრაელი საჰაერო სივრცეში შემოჭრილი რაკეტების გასაუვნებელყოფად იყენებს.

სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლისა და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს – ნისლშიც, წვიმაშიც და მტვრის ღრუბელშიც. სისტემა აანალიზებს საფრთხეს და ანტირაკეტას მხოლოდ მაშინ უშვებს, თუ საფრთხე დასახლებულ ადგილს ემუქრება.

საჰაერო თავდაცვის მსგავსი სისტემის შექმნა იერუსალიმმა 2006 წელს „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. მაშინ ისრაელის ჩრდილოეთით 4 ათასი რაკეტა ჩამოვარდა და 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „რკინის გუმბათი“ 2007 წელს ისრაელის კომპანია „რაფაელს“ დაუკვეთეს. ოთხ წელიწადში ის უკვე სამხედრო მზადყოფნაში იყო, რაც შეიარაღების სისტემისთვის საოცრად მცირე დროა. მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემებით იყო აღჭურვილი ამერიკული სამხედრო ბაზები ავღანეთში. ეს შეიარაღება საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა თუკი რამდენიმე საჰაერო სამიზნეზე ერთად მოქმედებს – იზრდება ალბათობა, რომ თავდაცვა მოწინააღმდეგის რაკეტამ გაარღვიოს.

ასევე ჰაერში განეიტრალებული რაკეტის ნამსხვრევებიც ლეტალურია და, შესაბამისად, საჰაერო განგაშის გამოცხადებისთანავე მოსახლეობა დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს თავშესაფარში ან ბუნკერში. ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მიზეზად სიონიზმს ასახელებენ. ესაა ებრაელთა ეროვნული მოძრაობა, რომელიც XIX საუკუნის 90-იან წლებში ევროპასა და რუსეთში ანტისემიტური განწყობების გაძლიერებასთან ერთად ჩაისახა.

რეგიონში ეთნიკურად ისრაელელი მოსახლეობის მასობრივმა ჩასახლებამ პალესტინურ საზოგადოებში აგრესია გამოიწვია. ამ დროს ისრაელი თვლიდა, რომ ეს ტერიტორია მათი ისტორიული მიწაა. ისრაელი სახელმწიფოდ 1948 წელს გამოცხადდა. ისრაელელმა პოლიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილება ამ წელს არაბულ სამყაროსთან მძიმე შეტაკებების ფონზე მიიღეს. მას შემდეგ არაბულ სამყაროსთან ისრაელს არაერთი სამხედრო დაპირისპირება ჰქონდა. პირველ ეტაპზე სამხედრო კონფლიქტი სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობდა, ხოლო მოგვიანებით გადაიზარდა ტერორისტულ დაპირისპირებაში და ისრაელს უკვე რეგიონში მოქმედი სხვადასხვა ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ.

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 3 მილიონამდე პალესტინელი არაბი ცხოვრობს. ისრაელი დასავლეთ სანაპიროს გარშემო 2002 წლიდან ბეტონის ბერიერსაც აშენებს. ის მშენებლობის დასაწყისშივე ამბობდა, რომ ეს იყო ერთგვარი თავდაცვა პალესტინელი შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმებისგან.

თავის მხრივ, ადგილობრივი პალესტინელები მიწების მითვისებასა და ანექსიის მცდელობაზე საუბრობენ. ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჯენინის რეგიონი ტერორიზმის ბუდეა, რადგან იქიდან არაერთი შეტევა დაიგეგმა ისრაელის მიმართულებით. რაც შეეხება ღაზას: აქ ისრაელი 6-დღიანი ომის შემდეგ რჩებოდა. 2005 წელს მან ჯარებიც და ახალმოსახლეებიც გაიყვანა, თუმცა შეინარჩუნა კონტროლი ღაზის საზღვრებსა და საჰაერო სივრცეზე. როგორ უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს.

პრობლემების ჩამონათვალი გრძელია. ისრაელის წინააღმდეგ რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაცია იბრძვის. ესენია: „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და პალესტინისსლამური ჯიჰადი“. „ჰამასი“ ისლამური, ფუნდამენტალისტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 1987 წელს დაარსდა სწორედ ღაზის სექტორში. იგი ეგვიპტელ მუსლიმანთა საძმოს ადგილობრივ ფრთად მიიჩნევა. 2006 წლიდან „ჰამასმა“ ღაზის სექტორში ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ.

„ჰეზბოლა“ ლიბანის ტერიტორიაზე 1985 წელს დაფუძნებული ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც არამხოლოდ ლიბანზე, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ამინდზე ახდენს გავლენას. მიაჩნიათ, რომ „ჰეზბოლა“თვითმკვლელებს საბრძოლო იარაღად აქტიურად იყენებდა.

ოფიციალური განცხადებებით, „ჰეზბოლა“ არ არის ანტისემიტური ორგანიზაცია და ის მიმართულია მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა რიგ მოწოდებებში მაინც ისმის ისეთი ლოზუნგები, რომლებიც ანტისემიტურად აღიქმება. რაც შეეხება პალესტინის ისლამურ „ჯიჰადს“, ის არაერთმა სახელმწიფომ აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად. ეს ტერორისტული ორგანიზაციები დიდ მხარდაჭერას იღებენ რეგიონში ანტისემიტურად განწყობილი სახელმწიფო სუბიექტებისგან.

შესაბამისად, მათი განადგურება საკმაოდ რთულია. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი გრძელდება და, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ასეთი კონფლიქტების დასრულება საკმაოდ რთულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend