ხშირად გვესმის ტერმინები დემოკრატიული დასავლეთი ან თუნდაც კოლექტიური დასავლეთი, ეს არ გახლავთ გეოგრაფიული ტერმინები, არამედ გეოპოლიტიკური, ვინაიდან დემოკრატიულ დასავლეთში მოიაზრება ამომავალი მზის ქვეყანა იაპონია და მისი მეზობელი სახელმწიფოები სამხრეთი კორეა და ავსტრალიაც.
საერთაშორისო ურთიერთობების რიგი სპეციალისტები საუბრობენ მიმდინარე გეოპოლიტიკურ ფრაგმენტაციაზე, რაც გულისხმობს ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ შექმნილი ეგრეთ წოდებული “PAX AMERICANA” – ს დასასრულს და მრავალპოლუსიანი სამყაროს დაბრუნებას.
მრავალპოლუსიანი სამყარო კი რამდენიმე სიმძიმის ცენტრს მოიცავს, ვაშინგტონს, ბრიუსელს, პეკინს, მოსკოვს და გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებს, რომელთაც შესაბამისი პოტენციალი გააჩნიათ, რომ თუნდაც რეგიონული მასშტაბით ჰქონდეთ ამბიციები.
დღეს ჩვენ აქცენტს ევროპულ კავშირზე გავაკეთებთ, ევროკავშირში 450 მილიონ ადამიანამდე ცხოვრობს და ამ კავშირში ამ ეტაპზე 27 სახელმწიფოა გაერთიანებული, ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გიგანტს არ ჰყავს ერთიანი შეიარაღებული ძალები, ამავე დროს ბრიუსელი დიდი გავლენის მქონეა.
ევროკავშირთან დაკავშირებით სასაუბროდ „ევრონიუს ჯორჯიამ“ “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” პოლიტიკის სკოლის დეკანი ირაკლი ქობალია მოიწვია.