მთავარისაქართველო"ახალი თავდაცვის კოდექსის" რელიგიური ნიუანსები

“ახალი თავდაცვის კოდექსის” რელიგიური ნიუანსები

საქართველო, რომელიც ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვის, სრულად ცვლის სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის წესებსა და პირობებს. საკანონმდებლო დოკუმენტს „ახალი თავდაცვის კოდექსი“ ჰქვია.

პროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა. ამ დოკუმენტით, სხვა საკითხებთან ერთად, იცვლება ჯარში გაწვევისა და თავის არიდების პირობები. მათ შორის სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებისთვის. სწორედ ამ ნაწილზე არის სამოქალაქო სექტორის ფოკუსიც.

კანონის პროექტის თანახმად, ნებისმიერი რელიგიური კონფესიის სასულიერო პირი დაექვემდებარება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, თუ ის უარს განაცხადებს სამხედრო სამსახურზე. თუმცა, ეს არ შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელს.

იმის მიუხედავად, რომ საკანონმდებლო დოკუმენტში ეს ხაზგასმული არაა, სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დადებული კონკორდატი, სასულიერო პირს სრულად ათავისუფლებს სამხედრო ვალდებულებებისგან

თუმცა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ამბობს, რომ დისკრიმინაციულ მიდგომას ადგილი არ ექნება.

„წვევამდელთა ეროვნული სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, ჩვენ რა რეფორმების მოდელიც შევიმუშავეთ, ეს ეფუძნება ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებას. საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირი, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების სანაცვლოდ, შეასრულებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

პირიქით ფიქრობენ სამოქალაქო სექტორში. რელიგიური თავისუფლებისა და ტოლერანტობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები თვლიან, რომ ახალი კოდექსი უფრო დისკრიმინაციული და არადემოკრატიულია, ვიდრე მოქმედი კანონი.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი საბა სუთიძე, რამდენიმე მიმართულებით განმარტავს, კოდექსის ნაკლოვანებებს.

„ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის კუთხით, ეს საკანონმდებლო პროექტი უფრო დისკრიმინაციულია, ვიდრე მოქმედი კანონმდებლობა. მივიღებთ ისეთ ვითარებას, რომ არცერთი რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირს აღარ ექნება უფლება რომ გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურისგან. თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელს, სახელმწიფოსთან კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, ეს პრივილეგია დარჩება. რაც განსხვავებულ მდგომარეობაში ჩააყენებს სხვადასხვა კონფესიებს. ეს მომავალში შექმნის დისკრიმინაციულ გარემოს. იურიდიულადაც, ეს არის ერთი რელკიგიური ჯგუფის პრივილეგირება. დემოკრატიულ სახელმწიფოს არ აქვს იმის მანდატი და უფლება, რომ რელიგიური ორგანიზაციის ნამდვილობა თუ ფიქტიურობა დაადგინოს. ტოტალიტარულს კი ბატონო”, აცხადებს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) იურისტი საბა სუთიძე.

კოდექსის პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება. სავარაუდოდ, საბოლოო კენჭისყრა საშემოდგომო სესიაზე გაიმართება. კოდექსით გათვალისწინებული ნორმები კი 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend