4 სექტემბრიდან თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის ქუჩებში ავტომანქანების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. კონტროლს შესაბამისად აღჭურვილი ეკიპაჟები განახორციელებენ და გადაამოწმებენ, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტებს ესა თუ ის ავტომობილი.
პროგრამის საპილოტე ფაზისთვის 10 ასეთი ეკიპაჟი შეიქმნა.
“გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი უკვე რამდენიმე თვეა ემზადება, რომ კანონის აღსრულებას მომზადებული შეხვდეს. ამაში მოიაზრება ის, რომ ჩვენმა დეპარტამენტმა შეიძინა შესაბამისი აღჭურვილობა და ტენინკა. არსებული ცვლილებების მთავარი მიზანი ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებაა”, — აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე.
კანონპროექტის ინიცირებაში, განხილვასა და მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორი.
დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი პირველ ეტაპზე 100 ლარით დაჯარიმდება, 30 დღის განმავლობაში განმეორებით დარღვევისთვის 300 ლარით, მესამედ დარღვევისთვის კი 6oo00 ლარით. იურიდიული პირი კი დაჯარიმდება 500 ლარი, შემდგომ 1 500-ით, ბოლოს კი 3 000 ლარით. თუ ავტომანქანის მესაკუთრე ემისიების გაზომვით მიღებულ შედეგს არ ეთანხმება, მას შეუძლია მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა და შედეგების გადამოწმება.