ვოლოდიმირ ზელენსკის ბულგარეთში ვიზიტის შემდეგ, რუსული მედიასაშუალებების მტკიცებით დასავლეთსა და კიევს ბულგარეთის ომში ჩათრევა სურთ.
„ეს ყველაზე ნაცადი და ცნობილი ნარატივია, იარაღის მიწოდება საბოლოო ჯამში ჩვენს ომში ჩართვას გამოიწვევს. ამ გზით მოსკოვი ბულგარეთის ნეიტრალიტეტის მიღწევას ცდილობს, ეს ფსევდო პაციფიზმი სინამდვილეში პრორუსული ნარატივია და მიზანი ბულგარეთსა და ნატოს შორის უთანხმოების გამოწვევაა”, – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რუმენა ფილიპოვა
რუსული ნარატივი ოთხ ძირითად დებულებას ეფუძნება, ნაციონალიზმს, ანტი – ლიბერალიზმს, ენერგორესურსებით შანტაჟს და მიგრანტების შემოდინებით დაშინებას.
„რუსეთის ფედერაციის საელჩოები სოცმედიაში აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რუსი დიპლომატები პირდაპირ იტყუებიან”, – აღნიშნავს რუმენა ფილიპოვა
ბულგარეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს გვერდი სოცმედიის სხვადასხვა პლატფორმებზე ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პირადი ფინანსური სარგებლის მიზნით ვაშინგტონის დავალებით უკრაინელ ჯარისკაცებს სასიკვდილოდ იმეტებს. ბულგარეთში რუსული პროპაგანდა განსაკუთრებულია, მიზეზი კი ბულგარეთსა და რუსეთს შორის ისტორიული კავშირია.
„საბჭოთა კავშირი ბულგარეთის წინააღმდეგ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა, სწორედ მოსკოვმა უზრუნველყო ბულგარეთში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება“, – ამბობს ისტორიკოსი სვეტოსლავ ჟიკოვი.
არასამთავრებო ორგანიზაციის, ჰუმანიტარული კვლების ფონდის ინფორმაციით, რუსული პროპაგანდა ონლაინსივრცეში გაორმაგებულია, დაახლოები 400 – მდე გვერდი რუსულ ნარატივს ავრცელებს მიზანმიმართულად.