ადრიატიკის ზღვაზე ზღვის თავკომბალა კუები დიდი ხანია ცხოვრობენ, მაგრამ ამ ზღვის პლაჟების გამოყენება კონკრეტული მიზნებისთვის ახლა დაიწყეს. 24 ივნისს ჩერვიის სანაპირო ზოლში, ძალიან ახლოს პლაჟთან და დამსვენებლებთან, კუმ დადო 91 კვერცხი. საზღვაო ბიოლოგთა ასოციაცია მაშინვე გაემგზავრა ადგილზე.
,,ჩვენ ავიღეთ მდედრი კუს მიერ დადებული 91 კვერცხი და ჩავაწყვეთ ახალ ბუდეში, რომელიც თავიდან ავაშენეთ ზუსტად ისე, როგორც თავდაპირველად იყო. კვერცხები იმავე თანმიმდევრობით განვათავსეთ, როგორც თავიდან იყო დაწყობილი“, – განაცხადა საზღვაო ბიოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელმა ანდრეა ფერარმა.
ახალი კუს ბუდე შემოღობილია და მას 130-მდე მოხალისე მონაცვლეობით, 24 საათის განმავლობაში, იცავს.
ადრიატიკის ზღვაში ზღვის კუების გამოჩენა არ არის განსაკუთრებული მოვლენა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი, როგორც ჩანს, ამ წყლებში ცურვას ზამთრის სეზონზეც ახერხებენ.
„კლიმატის ცვლილებისა და უფრო თბილი წყლების გამო კუები უფრო მეტ ხანს რჩებიან ჩვენს ზღვაში. ისტორიულად, ისინი ამ წყლებში ჩერდებოდნენ იმიტომ, რომ ადრიატიკის ზღვის ზემო ნაწილი მათთვის საკვების მოპოვების ადგილი იყო. მაგრამ ახლა ისინი აქ რჩებიან ზამთრის სეზონზეც კი და სხვა თბილ წყლებში არ გადადიან, როგორც ამას აკეთებდნენ წარსულში”, – განაცხადა ჰაბიტატის დაცვის ცენტრის წარმომადგენელმა საიმონ დაკუნტომ.
კუები ხშირად მეთევზეების ბადეშიც ხვდებიან. ის კუები, რომლებსაც გარკვეული დაზიანებები აქვთ, სანაპირო დაცვას კლინიკაში მიჰყავს.