ევროპაში კვლავ ექსტრემალური ამინდებია. რეკორდულად მაღალ ტემპერატურას მძვინვარე შტორმები მოჰყვა. ჩრდილეთ იტალიაში უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ქარმა ძირიდან მოგლიჯა ხეები.
აღმოსავლეთ საფრანგეთშიც მსგავსი კლიმატური პირობებია. მაღალი ტემპერატურის შემდეგ უხვი ნალექი იყო დიჟონში, სტრასბურგსა და სხვა ქალაქებში.
მართალია, ზოგიერთ რეგიონში წვიმის მოსვლის შემდეგ მოსახლეობამ ცოტათი ამოისუნთქა, თუმცა კონტინენტის უმეტეს ნაწილში ჯერ ისევ ძლიერი სიცხეა, მაღალი ტემპერატურაა რუმინეთშიც.
ესპანეთში რამდენიმე დღეა, ტეპმერატურა 40 გრადუსს სცდება. მოსახლეობა ღამის საათებში ცდილობს სანაპიროებზე გაგრილებას.
ზაფხულის ძლიერი სიცხის შედეგები ნათლად ჩანს შვეიცარიის ალპებში, სადაც, როგორც შვეიცარიელი მეცნიერები ამბობენ, მყინვარებზე ყინული სწრაფად დნება.
შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის სამსახურის უფროსი მათიას ჰასი აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე წელია, ექსტრემალური ამინდებია. კარგად ჩანს, როგორ დნება მყინვარები. რეკორდულად ბევრი ყინული, მყინვარების მთლიანი მოცულობის 6 პროცენტი, 2022 წელს გადნა. ეს აბსოლუტური რეკორდია. არავის ეგონა, თუ ეს შესაძლებელი იყო.
უფრო თბილი ზამთრების შედეგად შემცირდა ყოველწლიური ნალექი თოვლის სახით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა პრობლემა როგორც შვეიცარიის ალპებში, ისე სხვა ქვეყნებშიც.