ვინ აკონტროლებს თუ როგორ მუშაობს საქართველოს პროკურატურა – როგორც აღმოჩნდა, არც ერთი ორგანო, რომელსაც მონიტორინგის უფლებამოსილება აქვს, არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ამ უწყების მუშაობაზე.
სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია კანონის უზენაესობის ცენტრის წარმომადგენლებმა, ახალი ანგარიშის წარდგენისას.
„ბოლო 5 წელია საქართველოს პარლამენტმა ვერ მოიცალა იმისათვის,რომ მოესმინა გენერალური პროკურორისათვის და პარლამენტს არ შეუფასებია პროკურატურის საქმიანობა. შესაბამისად მივიღეთ პროკურატურა,რომელიც არის უკონტროლო ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე და ასეთი ტიპის პროკურატურები ზოგადად არის ძალიან საშიში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, მათ შორის სასამართლო კორპუსისთვისაც“- აცხადებს კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია
პარლამენტის გარდა, პროკურატურის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას საპროკურორო საბჭო უნდა უზრუნველყოფდეს. თუმცა ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ორგანო დამოუკიდებელი არ არის და ვერ ასრულებს ამ უფლებამოსილებას. ოპოზიციის კრიტიკას იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ირაკლი შენგელიაა – ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლე.
„რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, მე ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებს, ძალიან აქტიურად ვაკვირდებოდი, ეს არის სხდომა,სადაც არ ისმის არც ერთი კრიტიკული კითხვა, ეს არის სხდომა,რომელიც ჩემი აზრით, ტარდება ფორმალურად, იქ დამსწრე წევრებისგან პროკურატურის რეალურ გამოწვევებზე არასდროს არ ისმევა შეკითხვები და შთაბეჭდილებას ტოვებს,რომ ეს არის ხოლმე წინასწარ, მენეჯმენტთან შეთანხმებული შეკითხვები,რომლებიც იქ ისმევა. სანქცირებული მოსამართლე ზის საპროკურორო საბჭოში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, საბჭომ არ იზრუნა ამ პერიოდის განმავლობაში, ამდენი თვე გავიდა, რომ დაეყენებინა საკითხი, ამ სანქცირებული მოსამართლის საბჭოს წევრობიდან გადარჩევაზე,ჩანაცვლებაზე“,- ამბობს, ნათია მეზვრიშვილი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი.
საპროკურორო საბჭოში არ იზიარებენ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკას.
„მე როგორც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე გეტყვით, რომ საბჭო ეფექტურად მუშაობს. რაც შეეხება შეფასებას, თითქოს, საპროკურორო საბჭოს საქმიანობა არ არის ეფექტური, ეს არის სუბიექტური შეფასება კონკრეტული საკითხის, რომელიც წარმოდგენილი იყო ანგარიშის დროს, მათი ხედვა. ამაზე ჩვენ არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი გავეცით ზოგიერთ ჰიპოთეტურ პრობლემაზე,რომელიც არსებობს,რომელიც დააყენეს ანგარიშის მომხსენებლებმა პრობლემად, ჩვენ ყველაზე არგუმენტირებული პასუხი გავეცით“, – ამბობს, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე, შოთა ტყეშელაშვილი.
კანონში წერია, რომ პროკურატურამ საპროკურორო საბჭოს ანგარიში უნდა წარუდგინოს 6 თვეში ერთხელ, თუმცა ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ 2019 წლის შემდეგ, ეს წელიწადში ერთხელ ხდება…
და არც ერთი ეს ანგარიში არ პასუხობს მთავარ კითხვას: როგორია კრიმინოგენური ვითარება საქართველოში, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?