მთავარისაქართველობაღის არქიტექტურა: წინანდლის მამულში ლანდშაფტის დიზაინის შესახებ მასტერკლასი გაიმართა

ბაღის არქიტექტურა: წინანდლის მამულში ლანდშაფტის დიზაინის შესახებ მასტერკლასი გაიმართა

“ჩემი სახელია ოლივიე დამე, მე ფრანგი ლანდშაფტის არქიტექტორი გახლავართ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ჩემს ძირითად საქმიანობად ისტორიული ბაღების რესტავრაცია იქცა. ჩემი კარიერა ვერსალში დაიწყო 90-იან წლებში… მაშინ  ვმუშაობდით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ვერსალის ბაღების კონსერვაცია, 20, 30-წლიანი გეგმა მუშავდებოდა. ამ საკითხებით ვიყავი დაინტერესებული. შემდეგ ვერსალი დავტოვე და საკუთარი კომპანია დავაარსე და ვმუშაობ ისტორიული ბაღების აღდგენაზე საფრანგეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. ახლა კი ამ ბაღს ვესტუმრე, ჩემი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. ყველაზე მეტად გამაკვირვა ხეებისა და მცენარეების ხარისხმა, ატმოსფერო კი სრულიად ფანტასტიკურია. აქ შესანიშნავი ხეებია, გარშემო არსებულ არქიტექტურა კი საუცხოოდაა შენახული და დაცული”, — ამბობს ფრანგი სპეციალისტი.

სხვა სტუმრების მსგავსად, წინანდლის მამულით ისიც მოხიბლული დარჩა. აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ამ ისტორიული ბაღის შესახებ მეტი გაეგო.

დღე ლექციით დაიწყო, მან საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ქართველ მებაღეებსა და ლანდშაფტის დიზაინერებს. ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებზეც უმუშავია, მათ შორისაა პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან არსებული მარსის მინდვრებისა და ტროკადეროს პარკის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც უწყვეტი გამწვანებული ზოლის შექმნას გულისხმობდა.

მან ისაუბრა ფრანგული ბაღების ხელოვნებაზე და ვერსალის ბაღების შემოქმედის, ანდრე ლენოტრის მემკვიდრეობაზეც. ასევე, ისტორიისა და გეოგრაფიის შერწყმაზე, რაც მისივე თქმით, ასე ნათლად ჩანს წინანდალში.

“ლექციაში მოყვანილი მქონდა მაგალითები, რომლებიც განსაკუთრებით ეხმიანება ისტორიას, გეოგრაფიასა და ადამიანებს შორის ურთიერთობას. ლექცია ეძღვნებოდა იმას, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ და განვავითაროთ არსებული პროექტები. როცა წინანდალი აღმოვაჩინე, გამიკვირდა, რადგან აქ ეს კავშირი წარსულსა და მომავალს შორის იდეალურად ჩანს. მოდიხარ სასტუმროში, შემდეგ გამოივლი ამ გზას, და აღმოაჩენ წარსულს. ნამდვილად გამორჩეული რამ არის. არამხოლოდ ბაღში გადაადგილდები, არამედ დროშიც. იცვლი ეპოქას. ეს დიდი წარმატებაა”, — ამბობს ის.

წინანდლის ბაღის ისტორია მე-19 საუკუნის ადრეულ წლებში იწყება, თუმცა მას შემდეგ ბაღმა რამდენჯერმე შეიცვალა იერსახე. წინანდლის ისტორიულის მამულის სრულად აღდგენა 2008 წლიდან სილქროუდ ჯგუფმა დაიწყო. გაიწმინდა ბილიკები, მოწესრიგდა ნარგავების თარგები და მცენარეები, ბაღი ნელ-ნელა ჭავჭავაძეების დროინდელ იერსახეს დაუბრუნდა. 2019 წლიდან ბაღი ევროპის ისტორიული მემკვიდრეობის ბაღების ნუსხაშიც შევიდა.

იგეგმება ბაღის მეტად გაფართოება და განვითარებაც. მაგალითად, საბავშვო პარკის მოწყობა, ასევე, არსებული პარკის მწვანე სივრცით დაკავშირება მამულის ჩრდილოეთით, ფერდობზე არსებულ მუხის ტყესთან, სადაც დამატებითი მოსასვენებელი ადგილები მოეწყობა.

წინანდლის ბაღში ოლივიე დამემ სიმბოლურად დარგო ფრანგული ჯიშის ვარდის რამდენიმე ძირიც.

წინანდლის მამულში სტუმრობამდე, ოლივიე დამეს ევრონიუს ჯორჯიას სტუდიაშიც ვესაუბრეთ, სადაც მან უფრო ვრცლად მოგვიყვა იმ ხელოვნებაზე, რასაც მებაღეობა ჰქვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend