მთავარიევროპაუკრაინა„20 დღე მარიუპოლში“- დოკუმენტური ფილმის ჩვენება ნიუ იორკში

„20 დღე მარიუპოლში“- დოკუმენტური ფილმის ჩვენება ნიუ იორკში

ფილმის ავტორები ის ჟურნალისტები არიან, რომლებმაც ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქში 20 დღე გაატარეს და იქ მომხადრი ამბები მთელ მსოფლიოს გააცნეს

ნიუ იორკში ფილმის სახელწოდებით, „20 დღე მარიუპოლში“ ჩვენება გაიმართა.

ჟურნალისტის – მსტისლავ ჩერნოვის, ფოტოგრაფის ევგენი მალოლეტკასა და პროდიუსერის ვასილისა სტეპანენკოს – სწორედ ისინი იყვნენ მედიის ის ერთადერთი წარმომადგენლები, რომლებმაც ალყაში მოქცეული მარიუპოლი არ დატოვეს და დარჩნენ იმისათვის, რომ მსოფლიოსთვის მოეყოლათ და ეჩვენებინათ ის, რასაც რუსები ქალაქსა და მის მოსახლეობას უკეთებდნენ.

დოკუმენტური ფილმიც სწორედ ამას ასახავს – „20 დღეს მარიუპოლში“.

ფილმი გაგაცნობთ ექიმებს, რომლებსაც მაშინ ესროლეს ბომბები, როდესაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ.

ბავშვებს რომლებიც ეძებენ დედებს, ბავშვებს, რომლებიც ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე და არ უნდათ სიკვდილი. დედებს, რომლებსაც გასაქცევი არსად აქვთ. ქირურგებს, რომლებიც რუსი ჯარისკაცებისგან ნასროლი ტყვიების ამოღებასა და ადამიანების გადარჩენას ცდილობენ, ოპერაციას აკეთებენ და თან ჟურნალისტებს სთხოვენ გადაიღონ ყველაფერი.  ნახავთ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარ თავში შიშის დაძლევასა და კამერის ხელში აღებას 20 დღის განმავლობაში, ყოველდღე ახერხებენ და ხშირად იმეორებენ ფრაზას – „გონებას შესაძლოა დაავიწყდეს მომხდარის დეტალები, მაგრამ კამერა ამას არ დაუშვებს.“

ფილმი გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც არ იცოდნენ კიდევ რამდენ წუთს დარჩებოდნენ ცოცხლები, თუმცა ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მათი ამბავი მსოფლიოს გაეგო.

„როცა მარიუპოლში ვიყავით და ყველაფერს ვიღებდით, ექიმები, პოლიციელები, სამხედროები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველა ადამიანი გვეუბნებოდა – აჩვენეთ მსოფლიოს რა ხდება ჩვენს ქალაქში, ძალიან გთხოვთ აჩვენეთ მსოფლიოს ეს კადრებიო. და ეს იყო ჩვენი მისია. რუსეთის ოფიციალური პირებმა, მარიუპოლის ჩვენს მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ მალევე გამოგვაცხადეს საინფორმაციო ტერორისტებად. ვიცოდით თუ დაგვიჭერდნენ აუცილებლად მოგვკლავდნენ“, – ამბობს მსტისლავ ჩერნოვი, ჟურნალისტი და რეჟისორი.

ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ მარიუპოლში იმაზე ბევრად მეტი დანაშაული მოხდა, ვიდრე ეს ფილმშია ასახული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფირზე ყველა დეტალის ასახვას ცდილობდნენ, იყო მომენტები, რომლებიც მხოლოდ მარიუპოლელების მეხსიერებაში რჩება. მომენტები, როდესაც რუსი ჯარისკაცები ქალაქში ჟურნალისტებს ყველგან ეძებდნენ და ისინი ექიმებად ინიღბებოდნენ. მაშინ როდესაც ბომბებს გაურბოდნენ და ვერ ასწრებდნენ კამერის ჩართვას.  რეჟისორი ამბობს, რომ ძალიან რთული იყო ბალანსის პოვნა, მუშაობასა და ცოცხლად დარჩენას შორის.

„ძალიან დიდი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჟურნალისტების მუშაობას. ყველგან და ყოველთვის, განსაკუთრებით კი ომის დროს. ჩვენ მარიუპოლი 15 მარტს დავტოვეთ, იცით 16 მარტს რა მოხდა? მარიუპოლის დრამატულ თეატრში 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მაგრამ იქ არავინ იყო რომ ეს გადაეღო, არავინ იყო რომ ეს აღებეჭდა და ახლა ძალიან რთულია მომხდარის აღდგენა. ჟურნალისტური გამოძიებას ფარგლებში, ათობით ადამიანთან მოგვიწია გასაუბრება, 3დ რეკონსტრუქციის აღდგენა, ექსპერტებთან საუბარი. ეს ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა ჟურნალისტები რომ იქ ყოფილიყვნენ, მაგრამ აღარ იყვნენ, აღარ ვიყავით. ჩვენი მარიუპოლში ყოფნის დროს, ჩვენზე ძებნა იყო გამოცხადებული. საავადმყოფოში ვიყავით როცა ჯარისკაცები შემოვარდნენ, ჟურნალისტებს ვეძებთო ყვიროდნენ, სად არიან ჟურნალისტებიო. ჩვენ ექიმებმა თეთრი ხალათები ჩაგვაცვეს, მათ რიგებში ვიდექით და ასე ვინიღბებოდით, ვითომ ექიმები ვიყავით.  სამხედროები დერეფნებში დარბოდნენ, ასეთი ფაქტი რამდენჯერმე მოხდა… ერთხელაც საავადმყოფოში კვლავ შემოვიდნენ სამხედროები, ყველას ეკითხებოდნენ სად არიან ჟურნალისტები გვითხარითო, ჩვენ კვლავ თეთრი ხალათები გვეცვა და ვინიღბებოდით. სამხედროებს რომ შევხედე, ლურჯი სამკლავურები დავინახე, ვცდილობდი სწრაფად გამომეთვალა, რამხელა იყო იმის შანსი, რომ ისინი არა უკრაინელი, არამედ გადაცმული რუსები ყოფილიყვნენ. გავრისკე, წამოვდექი და ჩემი სახელი ვუთხარი. გვითხრეს აქ თქვენს გასაყვანად ვართო, ბრძანებაა ასეთი რომ უსაფრთხოდ გაგიყვანოთო. ჩვენ წამოსვლა არ გვინდოდა, მაგრამ გვითხრეს – რუსები აქამდე ჟურნალისტებს ბრმად ეძებდნენ, ახლა კი მათ თქვენი სახელები იციანო. და თუ ისინი დაგიჭერენ, სანამ დაგხოცავენ, გათქმევინებენ რომ ყველაფერი რაც გადაიღეთ ტყუილია და მთელი თქვენი სამუშაო, რაც მარიუპოლში გააკეთეთ, აზრს დაკარგავსო და წამოვედით”, – იხსენებს მსტისლავ ჩერნოვი.

ფილმი გამოსვლის შემდეგ, რამდენჯერმე აჩვენებს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის უკრაინის ქალაქებში. ახლა კი ჩვენება ნიუ იორკშია. რეჟისორი საუბრობს რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ის, რომ ფილმი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. რაც შეიძლება მეტმა იცოდეს სინამდვილეში რა მოხდა მარიუპოლში. მეტმა გაიგოს ომის დანაშაულების შესახებ. და მანამ სანამ ფილმს სხვადასხვა ქვეყნისა თუ ქალაქის ეკრანებზე აჩვენებენ, ფილმის ავტორები მუშაობას აგრძელებენ და ამბობენ, რომ აუცილებლად გადაიღებენ მეორე ფილმს, მარიუპოლის გათავისუფლებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend