მთავარისაქართველორა იცვლება ახალი თავდაცვის კოდექსით - პოლიტიკური შეფასებები

რა იცვლება ახალი თავდაცვის კოდექსით – პოლიტიკური შეფასებები

ახალი თავდაცვის კოდექსი, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა, პარლამენტშია და მეორე მოსმენით, უკვე მეორე რიგგარეშე სხდომაზე ცდილობენ მიიღონ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილებების პროექტის მიხედვით, უმჯობესდება ჯარის სოციალური გარანტიები, უფრო მრავალფეროვანი ხდება სამხედრო სამსახურისა და წვევამდელთა ჯარის გავლის პირობები. მსახურების თორმეტთვიანი ვადა ნახევრდება. სასულიერო პირების ჯარში მსახურთან დაკავშირებით, რადიკალურად იცვლება მიდგომები. ასევე, მკაცრდება კონტრაქტის პირობები. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის მიერ, კონტრაქტის პირობების ცალმხრივად დარღვევა, მკაცრ ფინანსურ ჯარიმას გამოიწვევს, რომელსაც ვერ გადახდის შემთხვევაში, აღსრულება პირის ქონების ამოღებით აანაზღაურებს.

ამ ჩამონათვალში საკითხების უმეტესობა, სამხედრო ექსპერტულ წრეებსა და პოლიტიკოსებში პროტესტს იწვევს. შენიშვნების მიუხედავად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ირწმუნება, რომ ეს კოდექსი მოცემულ ვითარებაში ქვეყნისთვის საჭიროა და ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა.

„ჯარს წვევამდელებით არ ვავსებთ, მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, ფინეთისა და ბალტიისპირეთის გამოცდილების საფუძველზე მოვამზადეთ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმა. ქართული მხარე რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა ამ გამოცდილებას. სწორედ ნატო-ს წევრი ქვეყნების გამოცდილებაა, რაც ინდივიდუალური საკითხების შესწავლასაც გულისხმობს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით გვაქვს მოცემულობა, რომ ყველა კონფესიის წარმომადგენელი მღვდელმსახური ექვემდებარება გადავადებას, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებით, ყველა მღვდელმსახური, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური დაექვემდებარება ალტერნატიულ შრომით სამსახურს“, – აცხადებს გრიგოლ გიორგაძე.

თავდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს, მმართველი პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობისგან სრული მხარდაჭერა აქვს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ყველა ეს სიახლე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააუმჯობესებს.

„თავდაცვის კოდექსი“ სწორედ იმისთვისაა მომზადებული, რომ უკეთესი თავდაცვისუნარიანობა და უფრო გამართული სისტემა გვქონდეს. ოპოზიციის კონკრეტულ ნაწილს კი იმიტომ არ სურს მისი მიღება, რომ ამით ისინი „ფულს აკეთებდნენ“. გადავადების ხელშეწყობაში შოულობდნენ ფულს და ამისთვის არ უნდა შეცვლა. მათი ამ პოზიციის მიუხედავად, ამ კანონს პარლამენტი მაინც მიიღებს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შენიშვნებისა და კრიტიკის მთელი ჩამონათვალი აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. „ქართული ოცნების“ ოპონენტი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ყველა საკვანძო ასპექტში, ეს კოდექსი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უფრო გააუარესებს და მოქალაქეთა უფლებებსაც უფრო შეზღუდავს. მთავარ პრობლემად კი მათ უმეტესობას ის მიაჩნია, რომ ახალ კოდექსში ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი არ არის იდენტიფიცირებული, რაც კოდექსის დებულებებს ბუნდოვანს ხდის.

”მე პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე „თავდაცვის კოდექსს“, მაგრამ მეორე მოსმენით მხარს არ ვუჭერ. განვმარტავ რატომ – მარტივად გავაანალიზოთ რა ხდება. ჩვენი ქვეყნის გარშემო დუღს მთელი რეგიონი და ლამის მთელი სამყარო. უზარმაზარი გამოწვევებია, ყველა ჩვენი მეზობელი ერთმანეთს წაკიდებულია, დაპირისპირებულია. ჩვენს გარშემო არის ძალიან სერიოზული, ანგარიშგასაწევი სამხედრო მანქანები, რომელთან დაპირისპირებაც ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული არმიით, რომელიც ძალიან მცირერიცხოვანია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ჩვენი ზომის ქვეყანა, ისევე როგორც მაგალითად, ფინეთი ან ისრაელი, მზად იყოს იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გავლილი ჰქონდეს სამხედრო წვრთნა, მომზადება და იყოს სხვადასხვა სახის რეზერვში, ვინაიდან თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, სულ რამდენიმე საათი უნდა დასჭირდეს ქვეყანას, რომ იარაღის ქვეშ დააყენოს ყველა. ამ იდეას მე ვემხრობი. ასეთი შინაარსი აქვს თავდაცვის კოდექსს, რომელსაც ჩემი კოლეგების ნაწილი ძალიან უპირისპირდებიან, მაგრამ მე მხარს ვუჭერდი. დღევანდელი გაწვევის სისტემა არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ახალი თავდაცვის კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე კამათის, სხდომის ჩაშლისა და სხვა პოლიტიკურ-სამართლებრივი დაპირისპირებებით მიმდინარეობს. თუ პარლამენტმა ეს ცვლილებები ამ ფორმით მიიღო, მისი მოთხოვნები ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. მანამ კი აღსრულებაში, ისევ ძველი კანონმდებლობა დარჩება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend