ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ-დელიში, ძლიერი მუსონური წვიმის გამო სკოლები დაიხურა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ინდოეთში წყალდიდობას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დატბორილია ქუჩები, რის გამოც ნიუ-დელიში გადაადგილება შეზღუდულია.
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კოკისპირულმა წვიმამ წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია, რის გამოც დაიღუპა ორი ადამიანი, ექვსი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. იაპონიის ადგილობრივი მედია ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს წყალდიდობით დაზიანებული სახლები.
შტატ ვერმონტშიც წყალდიდობაა. ადგილობრივების თქმით, ქარიშხალ „აირანის“ შემდეგ, რომელიც შეერთებულ შტატებს 2011 წელს დაატყდა თავს, ეს ყველაზე საშინელი წყალდიდობაა.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში, იაპონიაში, ჩინეთში, თურქეთსა და შეერთებულ შტატებში დესტრუქციული წყალდიდობა შეიძლება შორეულ საფრთხედ მიიჩნეოდეს, მეცნიერები ამბობენ, რომ მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. ისინი ვარაუდობენ, რომ გახშირდება შტორმები და ექსტრემალური ნალექი თბილ ატმოსფეროში.
„სამწუხაროდ, ჩვენ გლობალური დათბობის გზაზე ვართ. პლანეტის დათბობასთან ერთად, უფრო მეტი წყალი აორთქლდება ატმოსფეროში. შესაბამისად, ნალექიც უფრო ინტენსიური იქნება. ჩვენი ვარაუდით, სანამ ეს სიტუაცია არ შეიცვლება, უფრო მეტი ექსტრემალური ნალექისა და უფრო ინტენსიური სიცხის მომსწრე გავხდებით”, – განაცხადა ,,ნასას გოდარდის” კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, გევინ შმიდტმა.
მეცნიერების განმარტებით, თბილი ატმოსფერო უფრო მეტ ტენიანობას ინარჩუნებს, რაც იწვევს ქარიშხლებს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შედეგები. დამაბინძურებელი აირი და ნაერთები, განსაკუთრებით ნახშირორჟანგი და მეთანი, ათბობს ატმოსფეროს.