უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ქალაქ ლუცკში, ერთ-ერთ ეკლესიაში, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-1945 წლებში, ვოლინში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
უკრაინელმა ნაციონალისტებმა მაშინ ათიათასობით პოლონელი დახოცეს. პოლონელი ისტორიკოსების თქმით, პოლონეთის საპასუხო ოპერაციებში 12 000 უკრაინელი დაიღუპა. ნატოს სამიტის წინ პოლონეთის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია კიევისთვის. უკრაინელები იმედოვნებენ, რომ სამიტზე ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომლებიც დააჩქარებს ალიანსში მათ გაწევრებას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ მან და ანჯეი დუდამ მოკლე, თუმცა მნიშვნელოვანი დისკუსია გამართეს ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ უკრაინამ სასურველ შედეგს მიაღწიოს.
ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთიდან უკრაინაში უკან წამოიყვანა მარიუპოლის დამცველთა ის 5 მეთაური, რომლებიც, ტყვეთა გაცვლის შეთანხმების მიხედვით, თურქეთში იყვნენ. რუსეთი თურქეთსა და უკრაინას პატიმრების გაცვლის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოსკოვი ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული.