მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაადამიანი უპირველეს ყოვლისა - როგორ უნდა გააუმჯობესოს ევროპამ სოციალური ეკონომიკა?

ადამიანი უპირველეს ყოვლისა – როგორ უნდა გააუმჯობესოს ევროპამ სოციალური ეკონომიკა?

როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ ზრდას, სარგებელს, მენეჯერებსა თუ აქციონერებს.

„ნამდვილი ეკონომიკის“ ამ ეპიზოდში „ევრონიუსის“ გუნდი გეტებორგში ჩავიდა, შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქში, რათა მეტი გავიგოთ სულ სხვა ტიპის ეკონომიკაზე, ისეთზე, რომელიც ყველაზე მაღლა ადამიანს აყენებს: სოციალურ ეკონომიკაზე.

მატილდა 31 წლის შვედია, რომელსაც ძალიან უყვარს მუსიკა, ხელოვნება და კატები. მან გაგვიმხილა საკუთარი ცხოვრების რთული პერიოდის ამბავი, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო 5 წლის განმავლობაში შრომის ბაზარზე ადგილს ვერ პოულობდა.

მატილდა ჰოლგერსონი, კომპანია Ängås Gård-ის დასაქმებული:

„2017 წელს უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ გადავიწვი და გადაღლის სინდრომისა და დეპრესიის დიაგნოზი დამისვეს. ეს სწრაფად მოხდა და ძალიან ავად გავხდი. მას შემდეგ დიდი დრო დამჭირდა, რომ ისევ ფეხზე დავმდგარიყავი. პირველი ექვსი თვე კარგად არც მახსოვს, იმდენად ცუდად ვიყავი და ისეთი ძლიერი შფოთვა მქონდა. დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში და ძალიან ძლიერ პრეპარატებს მაძლევდნენ.

მუსიკა მიყვარს, სახლში გიტარაზეც ვუკრავ და პიანინოზეც, ძირითადად იმიტომ, რომ მსიამოვნებს. თუმცა ეს ჩემთვის თერაპიაც არის.“

დროთა განმავლობაში მატილდა გამოჯანმრთელდა და პირადი ცხოვრებაც  დაიბრუნა. მისი გაჯანსაღება ნაწილობრივ იმ სამუშაოს დამსახურებაცაა, რომელსაც ის ასრულებს ბოლო 6 თვის განმავლობაში სურსათის მწარმოებელ და ღონისძიებების ორგანიზატორ კოოპერატივში.

ეს კოოპერატივი მატილდასა და მის მსგავს ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, საშუალებას აძლევს, კვლავ ფეხზე დადგნენ.

„ამ კოოპერატივში მუშაობის დადებითი მხარე ის არის, რომ ერთმანეთს ეხმარებით, ერთმანეთის კარგად გესმით. სხვა სამსახურში, სადაც მანამდე მიმუშავია, ცოტა უცნაურად უყურებდნენ, თუ მძიმე დღე გქონდა. იქ საკუთარი გრძნობები არ უნდა გაამჟღავნო. მაგრამ აქ შეგიძლია ისეთი იყო, როგორიც ხარ, იმდენს მუშაობ, რამდენიც შეგიძლია,“ – ამბობს მატილდა.

მატილდას სამსახური იმ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელსაც „სოციალური ვაჭრობა“ (Social Trade ) ჰქვია და რომელიც გაყიდვებით არის დაკავებული. ამ ორგანიზაციაში, რომელსაც სათავეში მარი ოდენბერკი უდგას, ცდილობენ კოოპერატივებსა და სოციალურ საწარმოებთან დაკავშირებული სტიგმების გადალახვას, რათა ბიზნესკავშირები უფრო ტრადიციულ კომპანიებთანაც დაამყარონ.

„შვედეთში კოოპერატივებს ცოტა ამრეზით უყურებენ,“ – ეს მთლად კანონიერი არ არის.  მაგრამ მაგასაც მოევლება. მე ისეთ ადამიანებთან ვმუშაობ, რომლებსაც სხვების დახმარება სურთ, რომლებსაც ნამდვილად უნდათ რაღაც განსხვავებულად გააკეთონ,“ – განმარტავს მარი.

სოციალური ეკონომიკა ისეთ საწარმოებს გულისხმობს, რომლებსაც სოციალური გავლენის მოხდენა სურთ და არა რაც შეიძლება დიდი სარგებლის მიღება.

ევროპაში ამჟამად სოციალური ეკონომიკის 2.8 მილიონი  იურიდიული პირია, რომლებიც 13.6 მილიონ ადამიანს ასაქმებენ.  მათ შორის არიან როგორც კოოპერატივები, ისე სოციალური საწარმოები, რომლებიც ეკონომიკის თითქმის ყველა სეგმენტში ფუნქციონირებენ.

სოციალური ეკონომიკა მთავარი იარაღია იმ პრინციპების აღსრულებისთვის, რომლებიც „ევროპის სოციალურ უფლებათა ნიშანსვეტს“ (European Pillar of Social rights) უდევს საფუძვლად. ეს პრინციპებია:  თანაბარი შესაძლებლობები, ღირსეული სამუშაო და ყველა ადამიანის ჩართულობა. თუმცა სოციალური ეკონომიკა რამდენიმე პრობლემასაც აწყდება, მათ შორისაა ფინანსების მოპოვება, საკნონმდებლო დაბრკოლებები და დაბალი ცნობადობა. ამიტომ ევროკომისიამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ პრიორიტეტს ეფუძნება. ესენია: წევრი სახელმწიფოების პოლიტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოების გაუმჯობესება; სოციალური ეკონომიკის საწარმოების შექმნისა და განვითარებისთვის პირობების შექმნა და სოციალური ეკონომიკის ფასეულობებისა და პოტენციის შესახებ ცნობადობის ამაღლება.

ამ ზომების გატარების შედეგად ევროკავშირმა შესაძლოა მიაღწიოს დასახულ მიზნებს, როგორებიცაა დასაქმების წახალისება  და 2030 წლისთვის 15 მილიონი ადამიანის სიღარიბიდან და სოციალური გარიყულობიდან გამოყვანა.

პორტ გეტებორგში სადაც სოციალური საწარმო ინდივიდუალურ პირებსა და ინდუსტრიებს სთავზობს თავის მომსახურებას, როგორიცაა ავეჯის შეკეთება და ქსოვილების მოჩითვა. ის სარეაბილიტაციო დანიშნულების კოოპერატივის ფუნქციასაც ითავსებს.

ჰანა-სარა კრისტენსონი, კომპანია Kajskjul46-ის მენეჯერი:

„შვედეთში ძალიან მწვავედ დგას იმ ხალხის საკითხი, რომელიც სტრესთან დაკავშირებული დაავადებებით იტანჯება. გვჭირდება განსხვავებული ხედვა, თუ რას წარმოადგენს ჯანსაღი სამუშაო.“

ამ კომპანიის მიერ მიღებული სარგებელი მთლიანად რეინვესტიციაში იდება. ეს კი ზოგჯერ ართულებს ფინანსებზე წვდომას.

„არ შეგვიძლია, მივიდეთ ბანკში სესხის ან რაღაც ამის მსგავის სათხოვნელად,“ – ამბობს ჰანა-სარა. „ამიტომ ბევრი სხვადასხვა ტიპის პროექტი გვაქვს, რომელთაც ევროკავშირი და შვედთის სხვადასხვა ფონდი აფინანსებს და რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ. და მაინც ბანკები, ცოტა არ იყოს, ცუდი თვალით გვიყურებენ. რაკი ჩვენი მთავარი მიზანი მოგება არ არის, მათ არ ესმით ჩვენი.“

სოციალური ეკონომიკაზე შვედეთში ანაზღაურებადი მუშახელის 4.2 პროცენტი მოდის. ეს ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი  – 6.3 პროცენტი, თუმცა შუაში დგას ყველაზე დაბალი მაჩვენებლის –  0.6 პროცენტის მქონე ლიეტუვასა და ყველაზე მაღალი მაჩვენებლის –  9.9 პროცენტის მქონე ლუქსემბურგს შორის.

„საჯარო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ეკოსისტემისა და გარემოს შესაქმნელად, სადაც შესაძლებელი იქნება სოციალური საწარმოს შექმნა, განვითარება და გაფართოება,“ – განმარტავს  ჯულია გალერა, EURICSE-ის (European Research Institute on Cooperative and Social Enterprises) უფროსი მკვლევარი. „ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ მხრივ რამდენიმე ტიპის განსხვავებაა, მაგრამ საერთო ის აქვთ, რომ საჯარო პოლიტიკა სრულად არ აღიარებს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც სოციალური საწარმოები იღებენ საკუთარ თავზე. ფისკალური ჩარჩო ძალიან მწირი, დაჩეხილი და დანაწევრებულია.“

სოციალური ეკონომიკის საწარმოების წარმომადგენლები, რომლებსაც „ევრონიუსი“ ესაუბრა ამბობენ, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც აწყდებიან, არის ფინანსებზე წვდომა. ჯულია თვლის, რომ ფინანსებზე მნიშვნელოვანი საჯარო პოლტიკაა.

„სოციალური საწარმოების უმეტესობა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, მათ სჭირდებათ ფული ტრენინგისთვის, არაპრივილეგირებული ადამიანების სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად, ასევე მათ გადასამზადებლად, რათა ჩაერთონ საზოგადოებრივ ბაზარში,“ – ამბობს ჯულია.  „ჩემი აზრით, მეტისმეტად დიდი ყურადღება ეთმობა ფინანსებს, რომელიც სოციალური საწარმოების განვითარების გასაღებად ითვლება, არადა, დარწმუნებული ვარ,  რომ ხელშემწყობი საზოგადოებრივი პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სოციალური საწარმოების დაარსებისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნას.“

რაც შეეეხება ევროკავშირის სამოქმედო გეგმას, რომელიც სოციალური ეკონომიკის წახალისების მიზნით შეიქმნა, ექსპერტის მოსაზრებით ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ის აღიარებს სოციალურ ეკონომიკას, როგორც სპეციფიკურ დინამიკას,“ – განმარტავს ჯულია. „ამავდროულად, იგი მკაფიოდ განმარტავს სოციალური ეკონომიკისა და ჩვეულებრივი ეკონომიკის საწარმოებს შორის არსებულ სხვაობას. გარდა ამისა, ეს გეგმა აღიარებს, რომ სოციალური ეკონომიკა მხოლოდ ნიშურ სექტორებში კი არ არის აქტიური, როგორიცაა, მაგალითად, კეთილდღეობასთან დაკავშირებული სექტორი, არამედ ინდუსტრიულ ეკოსისტემებშიც.“

სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო არ არის. ამიტომ მისი წარმატება დიდწილად ევროკავშირის ქვეყნების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გაატარებენ სოციალურ ეკონომიკასთან დაკავშირებულ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მატილდას მსგავს ადამიანებს საშუალებას მისცემს, საკუთარი მომავალი უფრო ნათელ ფერებში დაინახონ.

„მომავალში ჩემი თავი წარმომიდგენია, როგორც სრულ განაკვეთზე დასაქმებული. გარდა ამისა, უნივერსიტეტში დაბრუნებასაც ვგეგმავ და გრძელვადიან პერსპექტივაში ბავშვებთანც მსურს ვიმუშაო. და ამ ყველაფერს უკვე თვალნათლივ ვხედავ. ძალიან კარგი განცდაა, რომ მომავლის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ამას შევძლებ,“ – ამბობს მატილდა.

ავტორი: ბრაიან კარტერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend