მთავარისაქართველოსამთო ველოსპორტი თბილისში

სამთო ველოსპორტი თბილისში

მთაგორიანი რელიეფის წყალობით, თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთია საჭირო, რომ ქალაქის ხმაურს მოშორდე და მის თავზე მოექცე.  ზაალი, ვერიკო და სამთო ველოსპორტის სხვა მოყვარულები აქ ხშირად ამოდიან.

ახლა ეკიპირებას ამოწმებენ და მალე დაეშვებიან. დღევანდელი მარშრუტი წავკისის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება, წვრილი ბილიკებით ბულბულების ჭალას გაივლის, შემდეგ კუს ტბის ქედებს და ტბასთანვე სრულდება.

ამ ველობილიკებსაც ძირითადად თავად აწყობენ და უვლიან, მოხალისეობრივად.

“ტურისტული პოტენციალი ამ სპორტს აქვს უდიდესი.  მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ  თბილისში. დედაქალაქის წილი ალბათ 50 პროცენტია. ინფრასტრუქტურულად ძალიან განვითარებულია, ერთადერთი, რაც სჭირდება ალბათ, არის პატარა დეტალები, რაც უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს გახდიდა სამთო ველობილიკებზე მოხვედრას. ამისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, გვინდა, რომ კოჯრისა და კიკეთის მიმართულებაზე ავტობუსებზე გარე ველოსამაგრები დამაგრდეს, რათა ველომოყვარულებმა და ტურისტებმა ამით ისარგებლონ. მაგალითად, სათხილამურო სპორტი არ განვითარდებოდა ისე საქართველოში, რომ არ ყოფილიყო შესაბამისი სათხილამურო ტრასები, რომ არ მოწესრიგებულიყო ისინი, რომ არ ყოფილიყო შესაბამისი ტექნიკა და ასე შემდეგ. ასეთი სიტუაციაა სამთო ველოსპორტის შემთხვევაშიც”, — ამბობს ველომოყვარული ზაალ წერეთელი.

რამდენიმე ბილიკითაა ერთმანეთთან დაკავშირებული კუს ტბა და ვაკის პარკიც. თანაც, აქვეა საბაგირო, რომელსაც ტბაზე ასასვლელად ველომოყვარულები ხშირად იყენებენ. თუმცა გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, გონდოლით სარგებლობისთვის ველოსიპედის წონა 20 კილოგრამს არ უნდა აჭარბებდეს.

როგორც სხვა არაერთი სპორტის შემთხვევაში, აქაც უპირველესი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა.

“სამთო ველოსპორტში ჩაფხუტის გარეშე სიარული, ჩემი აზრით ზოგადად ველოსიპედით სიარული ჩაფხუტის გარეშე აკრძალულიც უნდა იყოს. სამთო ველოსპორტს რაც შეეხება, აქ ეს კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქ უამრავი ფაქტორია, რომელიც მოქმედებს და ცდილობს, ბალანსიდან გამოგიყვანოს”, — ამბობს ზაალი.

ველომოყვარულები ამბობენ, რომ ველოსიპედი შესანიშნავი საშუალებაა არამხოლოდ სპორტის, არამედ მოგზაურობისა და გართობისთვისაც. ანდაც უბრალოდ იმისთვის, რომ თბილისის გარშემო ლამაზი ხედებით დატკბე.

“ჩემი ველოსიპედის სიყვარული დაიწყო ბავშვობიდან, მამაჩემმა მასწავლა და შემაყვარა. ჩემთვის 17-იანი ქანჩი იყო ყველაზე საყვარელი ნივთი, რადგან ვიცოდი, რომ როცა ამ ქანჩს მთხოვდა მამაჩემი, იწყებოდა თავგადასავალი და მივდიოდი ველოსიპედით სასეირნოდ.  ველოსიპედით ვმოგზაურობ ხოლმე მეგობრებთან ერთად, შარშან თბილისიდან ბათუმში ჩავედით 4 დღეში. ძალიან საინტერესო გზა გავიარეთ, მთა-მთა და არა ავტობანით. ხულოს ნაწილი ძალიან საინტერესოა, ტურისტულად და სამთო თვალსაზრისით. ველოსიპედი არის უნივერსალური საშუალება არამხოლოდ გადაადგილებისთვის, არამედ სამთო უნარების შეძენისა და სამოგზაუროდაც. როგორც უცხოეთში, ამ სპორტში აქაც ბიჭები დომინირებენ, თუმცა 10 ან 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ბევრად დიდი დაინტერესებაა”, — ამბობს ველომოყვარული ვერიკო ბაზალი.

9 ივლისს კოჯრისა და კუს ტბის ბილიკებზე ენდუროს სტილში შეჯიბრია დაგეგმილი, რომელშიც 50-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

ავტორი: დავით კეკენაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend