მთავარისაქართველოახალი "თავდაცვის კოდექსის" განხილვა პარლამენტში

ახალი “თავდაცვის კოდექსის” განხილვა პარლამენტში

გუშაგად, დარაჯად და უფუნქციო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელი ნამდვილ ჯარს გაივლის. ასეთი შესავლით სთავაზობს თავდაცვის სამინისტრო და მმართველი პარტია საზოგადოებას ცვლილებებს კანონმდებლობაში. კანონის მისაღებად პარლამენტს 5 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე უნდა ემსჯელა. თუმცა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეთანხმებით, პროცედურული უფლების გამოყენებით, სხდომა ჩავარდა.

ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი, რასაც მმართველი გუნდის ოპონენტები არ ეთანხმებიან, არის რელიგიურ კონფესიებთან განსხვავებული, მათი შეფასებით დისკრიმინაციული მიდგომა, რაც თავის მხრივ ანტიკონსტიტუციურია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ადასტურებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ნამდვილად განსხვავებულ და უპირატეს მდგომარეობაშია ჩაყენებული ამ კანონში, რადგან მისი თქმით, სახელმწიფოს ამ ინსტიტუციასთან მჭიდრო კავშირი აქვს. თუმცა, არ მიიჩნევს რომ ეს დამოკიდებულება სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ დისკრიმინაციულია.

ოპოზიციის ამ და სხვა ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

„ოპოზიციის ყველა განცხადება ახალი „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირევბით არის სიცრუე და უსაფუძვლო ბრალდებები. ეს კოდექსი თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან და მისი მიღება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებისთვის. აქ პრობლემა არის ე.წ. „გირჩიზაცია“ და ოპოზიციის ქმედება არის სამწუხარო. ამ კოდექსით უმჯობესდება ჯარისკაცის უფლებები, ასევე გვარდება წვევამდელთა გაწვევის საკითხები. რაც შეეხება დისკრიმინაციას რელიგიის ნიშნით, ესეც ხელოვნური აჟიოტაჟია“, – აცხადებს ირაკლი ბერაია.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ეს კანონი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააუარესებს. ეს დამოკიდებულება კი სამხედრო სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად გაუჩნდათ. მათი თქმით, ახალი კოდექსი, ჯარში მსახურების მსურველს ნორმალურ სარეზერვო სამსახურსაც ვერ სთავაზობს. ასევე, რელიგიური პირების შეზღუდვით, კანონი დისკრიმინაციული იქნება. ამ კანონის მთავარი მოწინააღმდეგე პარლამენტში პარტია „გირჩია“. მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონის მიზანი პოლიტიკურია.

„იმდენად ამორალური კანონია როგორც ქართული ჯარის, ასევე ახალგაზრდების წინაშე, ჩვენ სრული მორალური ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ან ძალიან მძიმე ელექტორალური დანახარჯებით მიიღონ, რომ ადამიანებმა გაიგონ, რა ბოროტებას ვაჩერებთ მთელი ოპოზიცია. ოპოზიციონერ კოლეგებს ვთხოვეთ, რომ რეგისტრაცია არ გაევლოთ. ეჭვები იყო, რომ ოპოზიციაში ვიღაცებს დახმარება უნდოდათ, მაგრამ დღეს ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ დახმარება არ მოინდომა და სხდომა ჩაიშალა. ზაფხულია და ბევრი დეპუტატი გასულია ქალაქიდან, მათ კარგ დასვენებას ვუსურვებ, ნუ იჩქარებენ, კარგად დაისვენონ. პროცედურული ომი და სხდომის ჩაშლის ასეთი მეთოდი „ქართულმა ოცნებამ“ გვასწავლა, მანამდე აზრადაც არ მოგვსვლია“, – განაცხადაიაგო  ხვიჩიამ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კანონი NATO-ს სტანდარტებთან თავსებადია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სანამდეც შეძლებენ, სხვადასხვა ბერკეტით ამ კანონის მიღებას ხელს შეუშლიან. „ქართული ოცნების“ წევრები კი აცხადებენ, რომ 5 წლის განმავლობაში შემუშავებული კანონის ვერსია გამართულია და ოპონენტების მხრიუდან შეფერხებების მიუხადავად, მას მაინც მიიღებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend