78 დეპუტატი მომხრე, 14 კი წინააღმდეგი. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვეტო „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაძლიეს. ამით, ძალაში შევა ახალი კანონი, რომლის თანახმად, პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩამოერთმევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურების დასახელების უფლება.
მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით, ეს უფლება პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობებს შეემატება. კენჭისყრამდე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ, პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთავაზებაც წარუდგინა.
ამ ვერსიით, პრეზიდენტის ინსტიტუტი კვლავ დომინანტურად დარჩება. მან დეპუტატებს ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაც შეახსენა. “ეუთო-ოდირი და ვენეციის კომისია რეკომენდაციებში მოგვიწოდებს და პირდაპირ გვეუბნება, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არაპარტიული წევრების არჩევა კონსენსუსის გზით მოხდეს.
ასევე, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შუალედური ანგარიშის მიხედვით პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარე კონსენსუსის გზით იყოს არჩეულიყო. ბოლო დროს ვაკვირდებით ტენდენციას, როდესაც პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებების შეზღუდვა ორგანული კანონებით ხდება – ეს ტენდენცია შეიმჩნევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესში”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ შეთავაზების მიუხედავად, პრეზიდენტის ვეტო დაძლია და უკვე მიღებული კანონი „საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილების თაობაზე“, ძალაში დატოვა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტმა გახადა იძულებული, ასეთი ფორმა აერჩიათ. „ეს არის არაჯანსაღი მდგომარეობა, ხელოვნურად არის შექმნილი ერთგვარი კრიზისული ვითარება ცესკო-ში და ვითარება აუცილებლად გამოსასწორებელია.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე პრეზიდენტმა კონკურსის წესით შეარჩია ცესკო-ს თავმჯდომარე და, ასევე, ცესკო-ს 2 წევრი, წარუდგინა პარლამენტს და ამ კანდიდატებმა პარლამენტის მხარდაჭერა მიიღეს, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერები, რომლებიც შესაბამის კანდიდატებს მხარს უჭერდნენ. ამის შემდეგ პრეზიდენტს მათი წარმოდგენის საშუალება კიდევ ერთხელ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკეთესო კანდიდატები იყვნენ, პრეზიდენტმა პარლამენტისთვის მათ წარდგენაზე უარი თქვა ერთადერთი იმ მიზეზით, რომ ამ კანდიდატებს მხარს არ უჭერდა.
„ნაც.მოძრაობა“, ვაშაძე, „ლელო“ და ა.შ. ბუნებრივია, ეს არგუმენტი ვერ იქნება, თუ კონკურსი ტარდება, განმსაზღვრელი უნდა იყოს კონკურსი. შესაბამისად, ჩვენ აშკარად ვხედავთ ნიშნებს, რომ ცესკოში კრიზისის შექმნის მცდელობა ხელოვნურად არის, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ და რა თქმა უნდა, ის კანონი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მიღებული და რომელთა დაკავშირებითაც დღეს ვეტო დაიძლევა ემსახურება სწორედ ასეთი ინსტიტუციური კრიზისის პრევენციას“, -განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კობახიძემ.
პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო დასუსტება, დემოკრატიისთვის უკუსვლა, საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესება და ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის არაჯეროვნად შესრულება – ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ პროცესს და პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომელიც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა, პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის ინტერესებს გაატარებს და ცესკო „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კადრებით დაკომპლექტდება. „ქართულ ოცნებას“ სურს მიიტაცოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და თავის პოლიტიკურ სურვილებს დაუქვემდებაროს. ამის გარდა, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის შემცირება. ეს არის ამ ინსტიტუციის ერთპარტიული დაკომპლექტების მცდელობა.
მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მონაწილეობს ცესკოს დაკომპლექტებაში. ოპოზიცია მხარს უჭერს პრეზიდენტის ვეტოს ამ კანონზე, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ეს კანონი გაასაჩივროს“, – აცხადებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.
უკვე ორ წელზე მეტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გიორგი კალანდარიშვილი ექვს-ექვსი თვით თავმჯდომარეობს 5 წლის ნაცვლად. მიზეზი ამ კანდიდატურაზე პოლიტიკური კონსენსუსის მიუღწევლობაა. მმართველმა პარტიამ კი კანონი შეცვალა და პრეზიდენტის ფუნქცია, პარლამენტის თავმჯდომარეს გადააბარა. ალეკო გვეტაძე