მთავარიმსოფლიოევროპაევროპული თამაშები 2023

ევროპული თამაშები 2023

წელს ევროპულ თამაშებს პოლონეთის მალოპოლსკის რეგიონი მასპინძლობდა. საერთშორისო სპორტულ ღონისძიებაში 49 ქვეყნიდან 7000 სპორტსმენი მონაწილეობდა. ეს შესაძლებლობა იყო მათთვის, ვისაც 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება სურდა. თუმცა ღონისძიებაზე არც ისე ბევრი გულშემატკივარი იყო.

სავოევოდოს საბჭოს წევრი ტომაშ ურინოვიჩი აღნიშნავს, რომ ამ თამაშების გამო კრაკოვში 20 000 ადამიანი ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ჩვეულებრივზე მეტი ხალხია. თუმცა, პოლონელები ამას „დამწვარი ფულის“ თამაშებს უწოდებენ, რადგან შეუძლებელია იმ უზარმაზარი თანხის ამოღება, რომელიც აქ ჩაიდო. ტომაშის თქმით, სპორტში მნიშვნელოვანია არა მარტო ანგარიში, არამედ დასწრება, ხალხი, გულშემატკივრების შემართება. თუმცა წელს არც გულშემატკივრები ყოფილან და არც ენთუზიაზმი იყო.

ორგანიზატორები კმაყოფილი არიან შედეგებით, თუმცა აღნიშნავენ, რომ ღონისძიების დაწყების დროს უსიამოვნო შემთხვევებიც იყო.

ევროპული თამაშები 2023-ის სპიკერი დავიდ გლენი ამბობს, რომ მათ ღონისძიებისთვის მზადება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს, როცა პოლონეთში აქტიურად საუბრობდნენ ომზე, ინფლაციასა და პოსტპანდემიურ ვითარებაზე. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მედგრად იდგნენ.  მართალია, ტრიბუნები ყოველდღე არ შევსებულა, თუმცა ფინალურ ეტაპზე მაინც ბევრი ხალხი მოვიდა.

ქალაქ კრაკოვში, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი ქალაქი იყო, მიაჩნიათ, რომ, მიუხედავად ინტერესის ნაკლებობისა, ინვესტიცია მომგებიანი აღმოჩნდა.

ქალაქ კრაკოვის წარმომადგენლის მონიკა ხილაშეკის თქმით,  საბოლოო ჯამში ქალაქმა 350 მილიონი ზლოტის ინვესტიცია მიიღო. ეს ეხება ინფრასტრუქტურის მშენებლობას, გზების შეკეთებას. აქედან 150 მილიონი ზლოტის ინვესტიცია სპორტულ ინფრასტრუქტურაში ჩაიდო. ქალაქის მიერ შეტანილი წვლილი 100 მილიონ ზლოტს შეადგენს.  და აქედან გამომდინარე, ადვილი დასათვლელია, რომ ქალაქმა ამ ღონისძიების სახით 400 მილიონი ზლოტი მიიღო.

ევროპული თამაშები პოლონეთში გუშინ დასრულდა, თუმცა ღონისძიებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ  პოლონეთს ფინანსური სირთულეების ფონზე მსგავსი ღონისძიებების მასნპინძლობის საშუალება არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend