ავტომობილები, ლუდები და სოსისები – ეს არის ნაციონალური გემოვნების ის ნიშნები, რომლებიც გერმანელებს ათწლეულების განმავლობაში ახასიათებდა. თუმცა ახლა აქედან ერთ-ერთი კარგავს თავის აქტუალურობას. როგორც ირკვევა, გერმანელები სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ხორცს საკვებად. წელიწადში თითო ადამიანის მიერ ხორცის მოხმარება 52 კილოგრამამდე შემცირდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. ხუთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 61 კილოგრამს შეადგენდა.
ჟურნალისტი ბრიტა ლანგეც ცდილობს, ნაკლები ხორცი ჭამოს. მისი თქმით გასული წლების განმავლობაში მან ბევრი რამ შეიტყო ცხოველების შესახებ, როგორ ხოცავენ, როგორ ეპყრობიან და საიდან მოჰყავთ ისინი.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი ფლორიან ბუსმანი ერიდება ხორცის მიღებას, ალბათ იმიტომაც, რომ მისი პარტნიორი ვეგეტარიანელია. ასევე, მისი აზრით, ყველას აქვს პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებაზე, ამიტომ მიაჩნია, რომ, რაც უფრო ნაკლებად გამოიყენებენ ხორცს საკვებად, მით უფრო მეტად შეიტანენ წვლილს გარემოსა და ცხოველების დაცვაშიც. ამასთან, ეს ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია.
მთავრობის მონაცემების მიხედვით, გერმანელების 10 პროცენტი ვეგეტარიანელია, რაც 2018 წლის მონაცემთან შედარებით 4 პროცენტით მეტია, ტენდენცია კი მზარდია, რაც გამოწვეულია როგორც ცხოველთა კეთილდღეობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებით, ისე ხორცის მაღალი ფასებით.