რუსმა სამხედროებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკში, ერთ-ერთ რესტორანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის მოზარდი, ათეულობით მოქალაქე კი დაშავდა.
ერთ-ერთი მოხალისე ამბობს, რომ ის ოთხ მეგობართან ერთად იყო რესტორანში. უცბად აფეთქების ხმა გაისმა. მას აღარაფერი ესმოდა, ყველგან სისხლი და დამსხვრეული მინები იყო. ადამიანები ქუჩაში გაცვივდნენ, იქ ბავშვებიც იყვნენ.
თავდასხმა მოხდა ქალაქ ხერსონში ერთ-ერთ სუპერმარკეტზეც. თუმცა დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც ჩანს, რუსული ძალების სამიზნე საცხოვრებელი სახლები და ბიზნესია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის მუშაობაში ხელის შეშლასა და ძირითად საკვებსა და სანიტარიულ პროდუქტებზე წვდომის შეზღუდვას.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო რუსეთის სარაკეტო თავდასხმები და განაცხადა, რომ რუსეთმა მარცხი უნდა განიცადოს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათ დონეცკის რეგიონში წარმატებით მოიგერიეს უკრაინელთა შვიდი შეტევა. როგორც ამბობენ, გასული 24 საათის განმავლობაში მათ გაანადგურეს უკრაინელთა მართვისა და კომუნიკაციის ცენტრი.