ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვან მიშა მშილდაძეზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მომხდარს და ამ ფაქტს წახალისებული ძალადობის მორიგ გამოვლინებად აფასებს. ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი.
ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.
მედიასთან მომხდარსა და საგამოძიებო უწყებებში მიმდინარე პროცესზე განცხადებებს აკეთებს თავად დაზარალებული მიშა მშვილდაძე.
“ზუსტად ისევე იყო ორგანიზებული, დაგეგმილი და კოორდინირებული ეს სადამსჯელო ზონდერჯგუფების მიერ, რომლებიც იმართებიან ხელისუფლების მიმართ, როგორც იყო წინა შემთხვევებზე, სხვებზე თავდასხმის დროს. რომ ჩავუარე ამ ადამიანს, გამკრა ეჭვმა, აქ თუ რაღაცაა, ეს უნდა იყოს თავდამსხმელი და მერე უკნიდან… ვცდილობდი არც მიმეხედა, ამ საერთო ფონიდან გამომდინარე, პარანოიად ვუთვლიდი საკუთარ თავს, ამ აზრის გაელვებას, ამიტომ უკან არც მიმიხედია, ზუსტად ამ დროს მომხვდა უკნიდან.
მაშინვე მენიშნა, რომ ეს იყო პროპაგანდისტული მესიჯის, რომ ამ ჭრილში წასულიყო დისკუსია, რომ, აი, პატრიარქის შეურაცხყოფა, რაც უბრალოდ საფუძველს მოკლებული სისულელეა. არავითარი ფაქტი არ არსებობს, პატრიარქისთვის არასდროს მიგინებია. შეუძლებელია, რომ იყოს ამ ადამიანების მოტივი, არის პროპაგანდისტული ბოდვა”, – აცხადებს დაზარალებული.
“ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ალეკო გვეტაძე