მომავალ თვეს ვილნიუსში ნატოს სამიტია დაგეგმილი. მანამდე კი ჰააგაში გაიმართა მოსამზადებელი შეხვედრა, რომელზეც რუსეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს. გასულ უქმეებზე რუსეთში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გარემო შექმნა, განსაკუთრებით ბალტიის რეგიონში.
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ყველამ ნახა, როგორ განვითარდა ბოლო დღეებში მოვლენები რუსეთში. ეს რუსეთის შიდა საკითხებია, მაგრამ ცხადია, რომ პრეზიდენტ პუტინის უკანონო ომმა უკრაინის წინააღმდეგ გააღრმავა განხეთქილება და წარმოქმნა ახალი დაძაბულობა რუსეთში. ამავდროულად, მათ სწორად უნდა შეაფასონ რუსეთის ქმედება. იენს სტოლტენბერგს მიაჩნია, რომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გააგრძელონ უკრაინის დახმარება.
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, თუკი „ვაგნერი“ განათავსებს თავის სერიულ მკვლელებს ბელარუსში, მეზობელ ქვეყნებში არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნება. მისი აზრით, ასეთ პირობებში პრიორიტეტული იქნება თავშეკავება და თავდაცვა.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ამბობს, რომ ვილნიუსში მათ უნდა გადადგან მკაფიო ნაბიჯები, რომლებსაც მხარს უჭერს ყველა წევრი ქვეყანა. ეს უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ყველასთვის, მათ შორის მოსკოვისთვის. მისი თქმით, უკრაინის მომავალი და კუთვნილი ადგილი ნატოშია.
ვილნიუსის სამიტზე განსახილველ თემათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. დღის წესრიგშია ალიანსის ხელმძღვანელობის საკითხიც. არა ერთ წყაროზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩენას სთხოვენ.