მთავარისაქართველომწვანე კატამარანი

მწვანე კატამარანი

„პატარა მდინარე იყო ჩვენთან ჭიათურაში ყვირილა ერქვა და კომუნისტების დროს 20 კაპიკი ღირდა იყო კატერები, ოღონდ კატამარანი არა ნამდვილი კატერი რაც არის ისეთები, ის ტურისტული არ იყო მაშინ,რადგან ტურისტები ნაკლებად იყვნენ, მაგრამ ადგილობრივები შაბათ-კვირას ოჯახებით გამოვდიოდით და ვკატაობდით“ – ასე იხსენებს ჭიათურაში გატარებულ ბავშვობას  კატამარანის მესაჭე ნუგზარ ღამბაშიძე.

ახლა ნუგზარ ღამბაშიძეს მტკვარზე უდგას თავისი მწვანე კატამარანი, ყოველ დილით ქოქავს, უსმენს ძრავის ხმას, ამოწმებს ხომ ყველაფერი წესრიგშია და მტკვრის ნაპირისკენ მიემართება…. იქ მას ტურისტები ელოდებიან.

„თან მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ სულ ათასნაირ ხალხს ნახულობ, სხვადასხვა სახეებს, სასიამოვნოა ურთიერთობა და იმის თქმა, მოყოლა,რომ რა არის საქართველო, შეიძლება ცოტა ზედმეტადაც ვარ შეყვარებული საქართველოზე და ყველამ იცის ხოლმე თქმა,რომ შენგან ჩამოსული ტურისტი ყველა კმაყოფილიაო, ყველა მადლობას იხდისო, იმიტომ რომ მე სიმართლეს ვეუბნები, საქართველოს ისეთი ისტორია აქვს არ ჭირდება არაფრის მოტყუება, საკმარისია ის რაც აქვს კი არა ზედმეტიცაა, რამდენიმე ერს ეყოფოდა ჩვენი ისტორია“, – გვიყვება ნუგზარ ღამბაშიძე.

7 წლის წინ, ნუგზარმა ძველ თბილისში სეირნობისას მტკვარზე კატამარანი დაინახა. იფიქრა და  გადაწყვიტა, რომ ეს საქმე შეესწავლა.

„თავიდან უფრო სხვანაირად უყურებ, სანამ უკვე დარწმუნებული ხარ რა დროს,როგორ და შეგიძლია და რა არ შეგიძლია, სანამ გაათვითცნობიერებ ამას, მანამ მაინც განიცდი, განცდაში ხარ რომ არაფერი შეგეშალოს და მერე ეს უკვე პროფესიონალიზმის დონეზე მოდის. აქ არის ქარი, აქ არის წყალდიდობა, მოდიდებული წყალი , უნდა გააცნობიერო რა დროს შეიძლება და რადროს არ შეიძლება, რომ არც შენი სიცოცხლე გარისკო და არც სხვისი“, – ამბობს ნუგზარ ღამბაშიძე.

ასე გახდა ნუგზარ ღამბაშიძე, კატამარანის მფლობელი და თბილისის ექსკურსია-მძღოლი.

“საოცარი ატმოსფეროა აქ, სასიამოვნო და გულთბილი ხალხია, გარშემო ყველაფერი ძალიან ლამაზია, მტკვარზე კატამარანით სეირნობისას ულამაზესი ადგილები ვიხილე“, – გვიზიარებს თავის ემოციებს ტურისტი, იმრან ჰუსენი.

„ჩვენ გვქონდა საფეხმავლო ექსკურსია, თუმცა გადავწყვიტეთ,რომ ძველი თბილისის ეს ტურიც გვენახა, რადგან მტკვრიდან თბილისის საოცარი ხედები იშლება და ძალიან ლამაზია, ჩვენ ძალიან მოგვეწონა. ბევრი რამ გავიგეთ ძველი თბილისის შესახებ, ძალიან დაგვაინტერესა“, -ამბობს ნატალია ბაკლაკოვა, ტურისტი.

„ამ ექსკურსიის შემდეგ, ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დავიტვირთე, ბევრი ახალი რამ გავიგე, მტკვრიდან დანახული ხედები საოცარია. პირველად დავათვალიერე, ასე ძველი ქალაქი, ასევე ძალიან მომეწონა ფრინველები. აქ ჰაერიც შესანიშნავია“, – ამბობს კიდევ ერთი ტურისტი, ნატალია ნემკოვა.

ძველ თბილისში, მტკვარს აღმა-დაღმა დაუყვება მწვანე კატამარანი. თბილისური სამდინარო ტრანსპორტი. საჭესთან კი ნუგზარ ღამბშიძეა, რომელიც მხოლოდ ტურისტებს კი არა, თბილისელებსაც ანიჭებს მტკვარზე სეირნობის სიამოვნებას.

ელენე ქორქია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend