მთავარისაქართველოსხვისი ენა და ფერები...

სხვისი ენა და ფერები…

სხვისი ენა და ფერები…

„თუ ასე ტურფა იყავი“… მღერის ქართულ სამოსში გამოწყობილი,  მარიამ ნაცვლიშვილი. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ახლა კულტურული ფესტივალია და მარიამმა გადაწყვიტა, რომ თავის უცხოელ მეგობრებს ამ გზით გააცნოს ქართული კულტურა.

„ვფიქრობ,რომ კულტურების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს საქართველოში,რომელიც მუდამ გამოირჩეოდა ტოლერანტობით სხვა ერების მიმართ და ვფიქრობ,როდესაც უფრო მეტად იცნობ სხვის კულტურას, უფრო მეტად აფასებ შენსას“, -მიიჩნევს მარიამ ნაცვლიშვილი.

მარიამის მსგავსად, საუნივერსიტეტო ფესტივალზე სხვა უცხოელი სტუდენტებიც ცდილობდნენ თავიანთი ქვეყნები გაეცნოთ თანატოლებისთვის.  ზოგი ტრადიციულ  სამზარეულოს წარადგენდა, ზოგი სიმღერასა თუ ცეკვას. იყო თამაში, ბევრი ღიმილი და საერთო მხიარულება.

„ეს ძალიან კარგი გზაა იმისთვის,რომ ჩვენ ერთმანეთის კულტურა გავიცნოთ, ამ დღისთვის ჩვენ ჩვენი ეროვნული კერძები მოვამზადეთ, ასევე გვქონდა მრავალფეროვანი წარმოდგენები. ძალიან სასიამოვნოა სხვა კულტურების გაცნობა…“, – ამბობს სტუდენტი მაჰა პრატიკშა.

„მე ყოველთვის მიყვარდა ხატვა, ახლა მე ხელზე ვხატავ,  სხვადასხვა ფერის საღებავებით. აქ სტუდენტები ერთმანეთის ტრადიციებს ეცნობიან და ასე აღნიშნავენ ამ დღეს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია…“, – მიიჩნევს სტუდენტი ათარვა მაშალი.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის,რომ ერთმანეთის კულტურა გავიზიაროთ. მე ინდოეთიდან ვარ და ჩემ ქვეყანას წარმოვადგენ, ეროვნული ტანსაცმელი გვაცვია და ასევე, საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენს სამზარეულოს“, – აღნიშნავს სვაპნელ აჰუჯა.

სტუდენტური სერვისების ხელმძღვანელი მარიამ ჩრდილელი ამბობს, რომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 90-მდე ქვეყნის წარმომადგენელი სწავლობს. ამბობს, რომ მიზანიც სწორედ ეს იყო, ამ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებს ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ.

„მსგავსი ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი,რადგან გვინდა,რომ უცხოელ სტუდენტებს ვაგრძნობინოთ თავი,როგორც საკუთარ სახლში და შევქმნათ ერთობლივი გარემო,რომ ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ერთმანეთის კულტურა გაიცნონ და შესაბამისად ჰქონდეთ უფრო მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება“, – ამბობს სტუდენტური სერვისების ხელმძღვანელი მარიამ ჩრდილელი.

მასშტაბური მულტიკულტურული ღონისძიება უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა, თუმცა ორგანიზატორები ამბობენ, რომ ის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend