ბულგარეთში ბოლო გამოკითხვაში რესპონდენტების 19 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ იმ ყველა მედიკამენტის შეძენის საშუალება, რომლებიც სჭირდებათ. „ევრონიუსმა“ სცადა გაერკვია, თუ როგორ აპირებს ევროკავშირი მედიკამენტების ფასის შემცირებას, რათა ის ხელმისავწდომი იყოს ყველასთვის, ვისაც სჭირდება.
53 წლის მარიანა სოფიაში ცხოვრობს, ბულგარეთის დედაქალაქში. მას მეორე ტიპის დიაბეტი და გულის სისუსტე აწუხებს.
„გულის სამკურნალოდ სამ მედიკამენტს ვიღებ, ორსაც დიაბეტისთვის, კიდევ ოთხი სხვა პრეპერატი მჭირდება სხვა დაავადებებისთვის,“ – უთხრა მან „ევრონიუსს.“
მარიანას მედიკამენტების ხარჯი თვეში 100 ევროს ეკვივალენტი თანხა ჯდება იმ ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი 1000 ევროზე ნაკლებია. მარიანა ამბობს, რომ, მიუხედავად მძიმე ფინანსური ტვირთისა, იგი ახერხებს სრული მკურნალობის საფასურის გადახდას.
მაგრამ როგორც პაციენტთა ასოციაციის პრეზიდენტი, იგი თვლის, რომ ამ ქვეყანაში ყველას არ აქვს ამის საშუალება.
„პენსიონერი პაციენტები, შემწეობის კმაყოფაზე მყოფი ან დაბალი შემოსავლის მქონე პაციენტები, რომელთაც სამი-ოთხი დაავადება აწუხებთ, ხშირად მხოლოდ ერთ ან ორ ავადმყოფობას მკურნალობენ,“განმარტავს მარიანა. „ხშირად ისინი ყველაზე იაფ მედიკამენტს იღებენ დიაბეტისთვის და ერთ ან ორ მედიკამენტს ჰიპერტონიის სამკურნალოდ. და უარს ამბობენ დანარჩენ მედიკამენტებზე, რომლებიც დიაბეტით დაავადებულს სჭირდება ფეხის, თვალის, თირკმლის, კუჭის ან ნევროლოგიური დაავადების სამკურნალოდ.“
ეს პრობლემა ფართოდაა გავრცელებული ბულგარეთში, სადაც ბოლო გამოკითხვაში რესპონდენტების 19 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ იმ ყველა მედიკამენტის შეძენის საშუალება, რომლებიც სჭირდებათ. დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები კი, როგორც ჩანს, მძიმე მდგომარეობაში არიან. კარდიოლოგიის ეროვნული საავადმყოფოს კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მედიკამენტების ფასი სიცოცხლეს ნამდვილად უქმნის საფრთხეს.
„პრობლემა ის არის, რომ თუ თერაპიის კურსი სწორად არ ჩატარდა, პაციენტს არ ექნება კარგი შედეგები. ისევ განმეორდება სტენოკარდიული სიმპტომები, გვექნება გართულებები, გულის ხელახალი შეტევები. სხეულის დანარჩენ ნაწილებში განვითარდება ათეროსკლეროზი, მაგალითად, ფეხზე, განვითარდება პერიფერიული არტერიული დაავადება და ა.შ,“ – ამბობს ბორისლავ გეორგიევი, კარდიოლოგიის ეროვნული საავადმყოფოს კარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი.
ამ ვითარების ერთ-ერთი მიზეზია ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის სპეციფიკური დონე, რომლის მოგვარებაც მხოლოდ ბულგარეთის მთავრობას შეუძლია.
თუმცა ევროკავშირის დონეზე დაგეგმილ ზომებსაც შეუძლია ვითარების გაუმჯობესება აქაც და ყველა სხვა წევრ ქვეყანაშიც. უფრო ხელმისაწვდომი მედიკამენტების ძიებაში ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, რომ გაუმჯობესდეს კონკურენცია და ე.წ. ჯენერიკ და ბიოლოგიურად მსგავს მედიკამენტებზე წვდომა დაჩქარდეს. ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ამბობს, რომ ამ პოლიტიკის მოსინჯვა ნამდვილად ღირს.
არკადი შარკოვი, ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო პოლიტიკის მიმართულების მრჩეველი:
„ჯენერიკმედიკამენტების უპირატესობა და ჩანაცვლების პოლიტიკა კარგად მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც კარგად არის განვითარებული ხარისხის მარეგულირებელი და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. ამიტომ ბულგარეთში ამ მიმართულებით რომ წავიდეთ, საჭიროა, გადაიხედოს ე.წ. ვერტიკალური ინტეგრაცია, სახელდობრ, მწარმოებლებს, ბითუმად მოვაჭრეებსა და ფარმაცევტულ სექტორებს შორის ურთიერთკავშირი, რათა თავიდან ავირიდოთ მონოპოლიური უპირატესობა, როდესაც საქმე ეხება ფარმაცევტული სექტორის მიერ მედიკამენტების გაცემას.“
მაგრამ ბულგარეთში ჯენერიკმედიკამენტების გამოყენება უფრო გავრცელებულია, ვიდრე ევროკავშირის სხვა რომელიმე უფრო დიდ და მდიდარ წევრ ქვეყანაში.
ამიტომ ევროკომისია ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ უფრო მეტად მიმართონ უპატენტო პრეპარატებს, რომლებიც ახალი თერაპიული კურსისთვის არის განკუთვნილი. იმედოვნებენ, რომ ალტერნატიული თერაპიის შესაძლებლობა ფასებს გააიაფებს. ევროკომისიაში თვლიან, რომ მედიკამენტების განვითარებაზე მიმართული საჯარო ხარჯების მეტი გამჭვირვალობაც გააუმჯობესებს წვდომას მედიკამენტებზე. ასეა თუ ისე, აუცილებელია, გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღონ, რადგან გარკვეულ პაციენტებს დრო ეწურებათ, ამბობს მარიანა.
„ერთ-ერთი ჩემი პაციენტი, რომელსაც დიაბეტი აქვს, 53 წლისაა. ამჟამად იგი მხოლოდ ჰიპერტონიისთვის საჭირო მედიკამენტების ნაწილისა და დიაბეტის ყველაზე იაფი წამლის მიღებას ახერხებს. არადა, მას კიდევ ოთხი თუ ხუთი ქრონიკული გართულება აქვს, რომელთაც ვერ მკურნალობს. ეს ქალი უბრალოდ ვერ ყიდულობს იმ მედიკამენტებს, რომლებიც სჭირდება და იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი მეტად არ გაურთულდება,“ – ამბობს მარიანა.
ავტორი: ხულიან გომესი