საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ბრიუსელში, მიმდინარე კვირაში იმართება. წინასწარი შეფასებით, ამ რეკომენდაციებიდან განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას ეთმობა.
საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების მეთაურები ამბობენ, რომ სტატუსის მისანიჭებლად ყველაფერი სათანადოდ გაკეთდა.
პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პოზიტიური მოლოდინები აქვს. ამბობს, რომ მედიის, სასამართლოს, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართ არაერთ დახურულ შეხვედრაზე მისთვის დასმული კითხვები პასუხგაცემულია.
„მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს, თუმცა იქამდე ბევრი რამე არის გადასაწყვეტი. მოცემულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მთელი მსოფლიო, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. ასეთ ვითარებაში მე მათ ვუთხარი, რომ საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. მე ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო და თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსაც აქვს მსგავსი მოლოდინი. ევროკავშირს კი მისივე თქმით, უსამართლო გადაწყვეტილების გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
„ხშირად გვესმის, რომ შარშან მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ბოლომდე სამართლიანი, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა. იმედია, ეს ხარვეზი იქნება აღმოფხვრილი. საქართველო როგორც შარშან, ასევე ახლაც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. მოველით, რომ ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ვნახოთ, რა იქნება შუალედური დასკვნა. ოქტომბერში იქნება საბოლოო შეფასება. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გვაქვს. საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას. დარწმუნებული ვარ, ევროკომისიის შუალედური ანგარიში ამას სათანადოდ ასახავს, რამდენად წინ არის საქართველო რეკომენდაციების შესრულების საკითხებში. ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში არის უსამართლობა და ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი ამ უსამართლობას აღმოფხვრის საქართველოს მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პოზიტიური მოლოდინი აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც. თუმცა, არა ხელისუფლების მიერ ყველა მოთხოვნის სათანადოდ შესრულების გამო. მათი თქმით, თუ ევროკავშირი ამ ნაბიჯს გადადგამს და საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, მხოლოდ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მიზნით.
„12 რეკომენდაციიდან, სამწუხაროდ, შესრულებული არ არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც ჩვენ გვქონდა ძირითადი აქცენტი. ეს იყო დეპოლარიზაცია, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმა არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად ჩატარების კონტექსტში და მედიათავისუფლების ნაწილში. ხელისუფლება მიმართავს რადიკალიზაციას და პოლარიზაციას, ზღუდავს მედიათავისუფლებას, არ ახდენს დეოლიგარქიზაციას, არ არსებობს პოლიტიკური ნება. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება ოქტომბერში, შემდეგ დეკემბერში გაფართოებაზე იქნება სამსჯელო. ეს იქნება ძალიან სერიოზული ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რაღაც ფორმალური ნაწილი დღეს რომ განიხილება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის გეოპოლიტიკური სერიოზული ცვლილებების და პლატფორმის დამსახურებაა. ეს თემა ოქტომბრამდე კვლავ აქტუალური დარჩება“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
ახალ შეფასებას 21 ივნისს ჯერ ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გააცნობენ, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე. ჯერ უცნობია, რა ნაწილს და რა ფორმით გააცნობენ ქართველ პოლიტიკოსებს და საქართველოს მოსახლეობას.
ალეკო გვეტაძე