პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ცოტა ხნის გამოცხადებული იდეის შესახებ, რომლის თანახმად შეაძლოა ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტი აშენდეს, პარტია “ლელო”-ში ბრიფინგით გამოეხმაურნენ.
პარტიის წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ეს არის მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს დაუცველს დატოვებს.
“ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის განთავსება, როგორც ეს პრემიერმა წარმოადგინა, დაცლილია ყველანაირი ეკონომიკური შინაარსისგან, ამ პროექტში ბიზნეს სარგებელი ნულოვანია.
უკვე ბევრი წელია რაც, ვაზიანის, როგორც სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ობიექტის სამხედრო დანიშნულების მოშლას, რუსეთის ფედერაცია, სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენგან ითხოვდა. მაგალითად საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის მომენტში; ასევე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას. არც ერთ ხელისუფლებას ეს სტრატეგიული ობიექტი არ დაუთმია მტრისთვის, დღეს კი, უკვე რუსების კომფორტული რეჟიმის პირობებში, ამ სამშობლოს ღალატის განხორციელება შესაძლებელი გახდა.
საქმე მარტივად აღსაქმელია: ვაზიანის სამხედრო ბაზა არის, სახმელეთო ძალების, მეოთხე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის ადგილი. მეოთხე ბრიგადა ჩვენი შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფად ითვლება.
ამ ბაზის სამხედრო შინაარსისაგან დაცლა, პირდაპირ შეგვიძლია ჩავთვალოთ რუსეთის სტრატეგიული სამხედრო მიზნების განხორციელებად საქართველოში. რომელიც არა საოკუპაციო ჯარით, არამედ “ნამესნიკი” ღარიბაშვილის და მისი პირადი პაჟი ჯუანშერის ხელით განხორციელდება”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ამ მოსაზრებებს უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი განცხადებით, ვაზიანის სამხედრო ბაზა არ გაუქმდება და აეროპორტის აშენება მის მახლობლად იგეგმება.
„ჩვენ უარს არ ვამბობთ სამხედრო ბაზაზე. უქმდება კი არა, არანაირი რისკი არ წარმოიშვება არც სწავლებებისთვის, არც ბაზისთვის. ეს ბაზა იფუნქციონირებს და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. რაც კი ეს საკითხი წამოიჭრა იმ დღიდან ჩართულები ვართ – უწყება, კომპეტენტური ქვედანაყოფები, ასევე უწყების ხელმძღვანელობა და ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. არც ერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფართო ჯგუფის ფორმატში განგვეხილა ეს საკითხი“, – განახადა მინისტრმა.
ახალი აეროპორტის ასაშენებლად ტერიტორიის კვლევა დაწყებულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანას აქვს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გახდეს რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი.
ალეკო გვეტაძე