ლონდონის სააჩის გალერეაში 150 საერთაშორისო ფოტოგრაფის ნამუშევრებია წარმოდგენილი გამოფენაზე, სახელწოდებით „ცივილიზაცია – ჩვენი ამჟამინდელი ცხროვრების წესი“.
ლონდონის სააჩის გალერეის ახალი ფოტოგამოფენა წარმოგვიჩენს მსოფლიო ცივილიზაციას სურათების მეშვეობით და გვაჩვენებს კაცობრიობის კოლექტიურ წარმატებასა თუ წარუმატებლობას.
გამოფენაზე, სახელწოდებით „ცივილიზაცია – ჩვენი ამჟამინდელი ცხროვრების წესი“. 150 საერთაშორისო ფოტოგრაფის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ეს სურათები აჩვენებს, თუ რა რთული და წინააღმდეგობრივია ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე.
“მე მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფი ცივილიზაციის თვალია. არცერთ ცივილიზაციას აქამდე არ ჰქონია ასეთი გრანდიოზული ხედვა. ფოტოგრაფები ყველგან არიან და ყველაფერს იღებენ,“ – ამბობს გამოფენის თანაკურატორი უილიამ იუინგი.
გერმანელი ოლაფ ოტო ბეკერისთვის მთავარი ფოკუსი გარემო და კლიმატის ცვლილებაა. მის ერთ სურათზე ნაჩვენებია ტურისტები გრენლანდიის ყინულქუდზე.
ოლაფ ოტო ბეკერი, ფოტოგრაფი:
“ყოველდღე აქ 500-ამდე ტურისტი მოდის, რათა გლობალური დათბობის არსი შეიცნონ, მაგრამ მას ვერც გრძნობენ და ვერც ხედავენ. ამიტომ გლობალური დათბობა პრობლემაა და მეცნიერების დახმარება გვჭირდება.“
გასულ წელს დედოფალ ელისაბედ მეორეს პანაშვიდზე მისული ხალხის უზარმაზარმა რიგმა ამერიკელ ფოტოგრაფ ჯოანა ურშელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ რიგების მასშტაბი რომ ეჩვენებინა, მან ფონად ქალაქის ღირსშესანიშნაობები გამოიყენა.
“250 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, ამ ცერემონიას რომ დასწრებოდა, ისინი თითქმის 16-კილომეტრიან რიგში იდგნენ. ხალხს ერთად ყოფნა სურს. ეს კოლექტივის განცდაა,“ – ამბობს ჯოანა.
გერმანელი ფოტოგრაფი მაიკლ ნაჯარი აღიარებს, რომ კოსმოსზეა შეყვარებული. მან ასტრონავტის ტრენინგიც კი გაიარა. სააჩის გამოფენაზე წარმოდგენილი მაიკლის ნამუშევარი იმ მომავალს იკვლევს, რომელიც დედამიწის მიღმა გველოდება.
მაიკლ ნაჯარი:
“ჩემი აზრით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ კოსმოსის სფეროში დიდი ტრანსფორმაციის მომსწრე გავხდით. როგორც ხელოვანს, მე მაინტერესებდა, თუ როგორ აისახება ყველა ეს ახალი ტექნოლოგია და კოსმოსში გასვლის ახალი გზები დედამიწაზე, ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე, მთვარესა თუ სხვა პლანეტებზე.“
ამ გამოფენას ლონდონში ისეთი ახალი ნამუშევრებიც დაემატა, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ.
“მართლაც, საინტერესოა, რომ ეს გამოფენა დაგვაფიქრებს სხვადასხვა საკითხზე, როგორებიცაა მაგალითად, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ან რა შესაძლებლობები აქვს კაცობრიობას მომავლ 100 წელიწადში,“ – ამბობს სააჩის გალერეის წარმომადგენელი ლილი უოტერტონი.
გამოფენა „ცივილიზაცია – ჩვენი ამჟამინდელი ცხროვრების წესი“ ლონდონის სააჩის გალერეაში 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: დამონ ემბლინგი