მთავარიევროპაუკრაინადატბორვის მძიმე შედეგები ხერსონის რეგიონში

დატბორვის მძიმე შედეგები ხერსონის რეგიონში

როგორც ვარაუდობენ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებამ 1.2 მილიარდი ევროს ზარალი გამოიწვია. თანხა დიდია, თუმცა ადგილობრივებისთვის, რომლებიც ხერსონის რეგიონის დატბორილ ადგილებში ცხოვრობენ, ყოველდღიური ყოფა კიდევ უფრო გართულდა. წყლის დონე შემცირდა, თუმცა ახლა დახმარება და დასუფთავებაა საჭირო, რაც არც ისე ახლო მომავლის პერსპექტივაა.

ხერსონის მკვიდრი ოლექსანდრ მაშუკოვი ამბობს, რომ ახლა სახლში გავლა შესაძლებელია, რადგან მანამდე აქ ტალახის სქელი ფენა  იყო. იგი იძულებული გახდა, თავისი პენსიით   ერთი სართულით მაღლა  ბინა ექირავებინა.

მოხალისეები მთელი ქვეყნიდან ეხმარებიან ადამიანებს, რომლებიც დატბორილ დასახლებებში ცხოვრობენ. მათ მოაქვთ ჰუმანიტარული დახმარება, ტანსაცმელი, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებები. ამავდროულად, გრძელდება იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ადგილებში ნორმალური ცხოვრება ჯერ ვერ დაბრუნდება.

უკრაინელ ფერმერებს კი კაშხლის განადგურებამ დამატებითი საფრთხე შეუქმნა. ადიდებულმა წყალმა  ნაღმები მინდვრებში მიმოფანტა. აქამდე ფერმერები თავად ახერხებდნენ თავიანთი მიწების ნაწილის ნაღმებისგან გაწმენდას. ახლა კი ისეთ ადგილებში, სადაც კვლავ გაჩნდა ნაღმები, ისინი მცენარეების მოსავლელად დრონებს იყენებენ.

ფერმერი დენისი ამბობს, რომ ადგილებში მაღალი სარეველა ბალახია და  შეუძლებელია ყველა ნაღმის დანახვა. ეს მინდორი ორი კილომეტრის მანძილზე სრულად დანაღმული იყო.

ფერმერებს ახლა კიდევ ერთი პრობლემა აქვთ, არ იციან, როგორ უნდა მორწყან ნათესები. კახოვკის კაშხლის გარეშე ახლა სარწყავი სისტემები და არხები მთლიანად დამშრალია. ერთ-ერთი ფერმერის თქმით, 10 წელი მაინც დასჭირდება, სანამ ყველაფერი აღდგება და ხელახლა შეივსება ეს მნიშვნელოვანი რეზერვუარი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend