ისევე როგორც სხვა ბევრი მიმართულებით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, როგორებიცაა – USAID, ევროკავშირი და EBRD ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსაც წლებია უწევენ. უკვე განხორციელებული მრავალი პროექტისა და საკანონმდებლო ცვლილების შეჯამებისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვისთვის, დონორებსა და სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.
კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება, ანტიდემპინგის დანერგვა, მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულების დაწყება იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რაც კონკურენციის სააგენტომ, დასავლელი პარტნიორების დახმარებით განახორციელა. ამერიკელი და ევროპელი დონორების მხარდაჭერის მნიშვნელობას, სააგენტოს ხელმძღვანელიც აღნიშნავს.
„საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერა, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე, სააგენტოს საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი პროექტების, ინიციატივების განხორციელება და ადგილობრივ დონეზე – კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება, ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულების დაწყება არის ის სიახლეებია, რომლითაც ჩვენი უწყება დღეს აქტიურ რეჟიმში საქმიანობს. დაწყებული რეფორმების პროცესი გრძელდება, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ
2014 წლიდან დღემდე, EBRD-ის, USAID-ის, ევროკავშირის, TWINNING-ის პროექტის და GIZ-ის მხარდაჭერით კონკურენციის სააგენტომ რამდენიმე პროექტი განახორციელა. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს ამოქმედებით, მომხმარებლის უფლებები ბიზნესის მხრიდან უფრო მეტადაა დაცული. თავის მხრივ ბიზნესიც თანამედროვე დასავლური სტანდარტებით ვითარდება ჯანსაღი კონკურენციის გაწევით. მათი განცხადებით, სააგენტოს მხარს მომავალშიც დაუჭერენ.
კონკურენციის სააგენტო საქართველოში 2014 წლიდან არსებობს და მის ძირითად საქმიანობას, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი ურთიერთობის დამყარებაა.
ალეკო გვეტაძე