მთავარისაქართველო2019 წლის 20 ივნისიდან ოთხი წელი გავიდა

2019 წლის 20 ივნისიდან ოთხი წელი გავიდა

2019 წლის 20-21 ივნისის, ე.წ. „გავრილოვის ღამეს“ ოფიციალური მონაცემებით 240 მოქალაქე დაშავდა. მათ შორის მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი

დღეს ზუსტად 4 წელი გავიდა 2019 წლის 20 ივნისიდან. იმ დღიდან, როცა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

საქართველოს პარლამენტში რუსულად წარმართულ სხდომასა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარის დანახვამ –  საქართველოს მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია.

მათ საქართველოს პარლამენტის შენობასთან ანტისაოკუპაციო აქცია დაგეგმეს და საღამოს 7 საათზე ქვეყნის ათასობით მოქალაქე სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა. მათ ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ – გადამდგარიყო პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ამ მოთხოვნის შესასრულებლად ქართულ ოცნებას მოქალაქეებმა ერთი საათი მისცეს.

მას შემდეგ კი, რაც ეს ვადა ამოიწურა და ნათელი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე გადადგომას არ აპირებდა, რუსთაველის გამზირზე ვითარება გართულდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა, საკანონმდებლო ორგანოს შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული, მათ მალევე ცრემლსადენი გაზის გაშვება დაიწყეს. დაიწყო საპროტესტო აქციის დაშლა. ისროდნენ რეზინის ტყვიებსაც. მოქალაქეები დააკავეს. იყვნენ დაშავებულებიც, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.

20-21 ივნისის, ე.წ. „გავრილოვის ღამეს“ ოფიციალური მონაცემებით 240 მოქალაქე დაშავდა. მათ შორის მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. კლინიკებში დაშავებულ მოქალაქეებთან ერთად გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველიც. მეორე დღეს, 21 ივნისს, თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციები კი სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ, არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების გათავისუფლება და შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

დაკავებულები დროთა განმავლობაში გაათავისუფლეს, საარჩევნო ცვლილებებს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა და კანონპროექტი ჩააგდეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის ამ ამბიდან სამ თვეში პრემიერ-მინისტრი გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend