ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონაში ინფლაციის მზარდ მაჩვენებელთან გასამკლავებლად 0,25 პროცენტით გაზარდა საპროცენტო განაკვეთი. ეს გასული წლის შემდეგ ზედიზედ მერვე შემთხვევაა, როდესაც საპროცენტო განაკვეთი იზრდება.
მართალია, ინფლაციის მაჩვენებელი გარკვეულ სექტორებში შემცირდა, თუმცა ევროპის ცენტრალურ ბანკში არ გამორიცხავენ საპროცენტო განაკვეთის შემდგომ ზრდასაც.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის თქმით, მათი შემდგომი გადაწყვეტილებების მიზანია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი შესაბამის დონემდე მივიდეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩამოვიდნენ ინფლაციის 2%-იან მაჩვენებელზე. იგი დასძენს, რომ საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
ინფლაციის მაჩვენებელი 10 პროცენტიდან 6 პროცენტამდე ჩამოვიდა. თუმცა სურსათისა და ენერგეტიკის ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა. ამასთანავე, უმუშევრობის რეკორდულად დაბალმა დონემ გავლენა იქონია ევროკავშირის ეკონომიკაზე.