ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო და ევროკავშირმა ქვეყანას განუსაზღვრა 12 რეკომენდაცია. საქართველო არასდროს ყოფილა ევროპასთან ისე ახლოს, როგორც ახლა – მალე შესაძლოა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა იქამდე აუცილებელია შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკომისიამ ზუსტად ერთი წლის წინ გასცა – ამ რეკომენდაციების ნაწილი კი ჯერ კიდევ არ შესრულებულა – ასეთი იყო დიპლომატებისა და სპეციალისტების განცხადებები კონფერენციაზე, რომელზეც იმსჯელეს რა ეტპაზეა საქართველო დღეს ევროინტეგრაციის გზაზე. საკმარისია თუ არა გატარებული რეფორმები კანდიდატის სტატუსის მისაღებად? როგორ მოქმედებს, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოს მომავალზე? – ამ კითხვებზე პასუხების გაცემას შეეცადნენ დღეს კონფერენციის მონაწილეები.
თინათინ ხიდაშელი – სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელი
„კონფერენციის ამოცანა არის ერთგვარად შევაფასოთ, ვისაუბროთ, იმ გზაზე,რომელიც ერთი წლის განმავლობაში ქვეყანამ გაიარა და რაც ყველაზე მთავარია, იმ შესაძლებლობებზე,რომელიც ჯერ კიდევ არსებობს აქედან დეკემბრამდე, იმისათვის,რომ პროცესი არ გაიჭედოს და საქართველო არ ჩარჩეს იმ ეტაპზე,რომელზეც ახლა ვიმყოფებით, განსაკუთრებით იმ ვითარებაში,როდესაც უკრაინა ისევე როგორც მოლდოვა, მაგრამ განსაკუთრებით უკრაინა აქტიურად ითხოვს, კიდევ უფრო მეტი ანუ ერთი ეტაპით წინ გადასვლას და მოლაპარაკებების გახსნას წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს იქნება ძალიან მძიმე თუკი ასე ორი ნაბიჯით დავშორდებით ამ პროცესს, გუშინ ძალიან სწორად გვითხრა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლისაბონიდან თბილისამდე უნდა იყოს ევროპაო და ეს ლისაბონიდან თბილისამდე ევროპის უზრუნველყოფა არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი კონფერენციაც”.
თუმცა ევროპაში სრულყოფილ ინტეგრაციას იმ რეფორმების გატარება სჭირდება, რომელზეც ევროკავშირი საქართველოს მიუთითებს. სამოქალაქო ორგანიზაციები არ იზიარებენ ხელისუფლების მტკიცებას იმის შესახებ, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულდა. თუმცა ამის მიუხედავად ამბობენ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
თამარ ხიდაშელი-დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი
„ ამ ბოლო პერიოდში საჯარო დისკურსში ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პასუხისმგებლობის გადატანა სხვადასხვა ინსტიტუტებზე მათ შორის ევროკავშირზე, ოპოზიციაზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე და ხელისუფლება ცდილობს, ჩემი გადმოსახედიდან,რომ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პასუხისმგებლობა გადაანაწილოს სხვა აქტორებზე და არა საკუთარ თავზე, ამიტომ ამ თემებზე მსჯელობა რა მნიშვნელოვანია 12 პრიორიტეტის შესრულება იმისთვის,რომ მივიღოთ დადებითი პასუხი უნდა იყოს ძალიან ინტენსიურ რეჟიმში“.
კახა გოგოლაშვილი- „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი
„პირდაპირ არის ნათქვამი,რომ არ არის საკმარისი ის ცვლილებები,რომლებიც განხორციელდა ამ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, შესაბამისად რეფორმები და გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ შესრულდეს იმ დონეზე,რომელიც დააკმაყოფილებს ევროკავშირის მხარეს,როგორც კი იქნება პოლიტიკური ნება, ეს ყველაფერი შეიძლება განხორციელდეს 1 თვეში ან თვენახევარში, ყოველ შემთხვევაში ვერ დაასრულებ ყველა რეფორმას, რომელზეც არის საუბარი მაგრამ გამოჩნდება დინამიკა, გამოჩნდება მონდომება და ეს იქნება საკმარისი ევროკავშირის მხარისთვის“.
მოსაგვარებელ საკითხებზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმაც საქართველოში. მისი თქმით, არის პროგრესი, თუმცა არის მთელი რიგი პრობლემებიც, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. მაგალითად დეოლიგარქიზაციის საკითხი
პაველ ჰერჩინსკი– ევროკავშირის ელჩი საქართველოში
„12 პრიორიტეტი,რომელიც საქართველომ გასულ წელს მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ უმაღლეს დონეზეა შეთანხმებული, არ არსებობს დეოლიგარქიზაციის პუნქტის ამოღების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია საქართველოსთვის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, სადაც არის ხოლმე გამოწვევები, როცა საქმე ეხება ბიზნესში, პოლიტიკაში და საზოგადოების ცხოვრებაში ზედმეტ ჩარევას და ჭარბ ინტერესებს. ჩვენ ვთქვით,რომ საქართველოს, აქვს ეს პრობლემა და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას“.
ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან – ამ ღონისძიებაზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ აპრობლემების გადაჭრა მოკლე დროში – ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.