საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ამ კანონპროექტზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე. დოკუმენტის მიხედვით, ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა.
„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციებს შორის წინააღმდეგობაა.
„გარკვეული წინააღმდეგობაა ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციებს შორის. ახალი ამ საბოლოო დასკვნაში არაფერი იყო, შუალედურ დასკვნაშიც იგივე პოზიცია ჰქონდა ვენეციის კომისიას დაფიქსირებული. ვენეციის კომისია აღიარებს, რომ ეს საკითხი არის მისთვის სიახლე, არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი, ამიტომ, გარკვეულწილად, დასკვნაც არის პირველი და ექსპერიმენტული. ჩვენ ვნახეთ, როცა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმებიან ამ კანონის მიღებას და მოუწოდებენ უკრაინას, რომ ეს კანონი ცხოვრებაში, ვენეციის შესაბამისი დასკვნების გათვალისწინებით, გაატარონ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტები მმართველი პარტიის ამ განცხადებას მორიგ პროპაგანდად აფასებენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თუ კანონპროექტის ეს ვერსია იქნება მიღებული, შესაძლოა, პოლიტიკური რეპრესიები დაიწყოს.
„ძალიან ცუდია, რომ „ქართული ოცნება“, ახლა ვენეციის კომისიის წინააღმდეგ მიდის და არ ასრულებს რეკომენდაციას და გარდა ამისა, ულტიმატუმისა და შანტაჟის ენაზე ელაპარაკებიან ჩვენ პარტნიორებს, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სტატუსზე“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.
ამასობაში კი, ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. განცხადების მიხედვით, უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული.
„ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყვეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ, ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რაზეც მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებულები ვართ კოლეგებთან ერთად, რათა ამას მივაღწიოთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მისაღებად უნდა შეასრულოს. ახლა კი მმართველი გუნდი ევროკომისიას პირობას უყენებს, რომ არ მიიღებენ კანონს იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაციას 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოიღებს.
ანა ალელიშვილი