ევროპა და ცენტრალური აზია ენერგორესურსებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს ერთად ეძებენ. ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ ასტანის საერთაშორისო ფორუმზე ენერგოუსაფრთხოების საკითხი აქტიურად განიხილებოდა. ყაზახეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის მწარმოებელი ქვეყანაა, მიწოდების ჯაჭვის გაზრდას გეგმავს, რომ ენერგობაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს.
„ყაზახეთი ევროპას ბუნებრივი აირის საჭიროების დაახლოებით 8 პროცენტით უზრუნველყოფს. ამავდროულად, ყაზახეთი ევროპას ურანის დაახლოებით 20 პროცენტს აწვდის. მსოფლიოს მასშტაბით ყაზახეთი ურანის უდიდესი მწარმოებელი ქვეყანაა. ადრე ჩვენ ატომური ელექტროსადგური გვქონდა. რესურსების სიმრავლის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ განვიხილავთ ყაზახეთში მშვიდობიანი ბირთვული ინდუსტრიის განვითარებას. ასევე არსებობს მწვანე წყალბადი, რომელიც ენერგიის კიდევ ერთი წყაროა. ეს არის ინდუსტრია, სადაც განვითარების პოტენციალს ვხედავთ”, – განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომან ვასილენკომ.
ევროპელი ინვესტორები რეგიონში არსებული განახლებადი ენერგიით დაინტერესდნენ. ფრანგულმა ენერგოგიგანტმა კომპანიამ TotalEnergies ხელი მოაწერა ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას ყაზახეთში მასშტაბური ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. TotalEnergies-ის აღმასრულებელი დირექტორი ევროპაში არსებულ ენერგოგამოწვევებზე საუბრობს.
„პირველი გამოწვევა მიწოდების უსაფრთხოებაა. ევროპისთვის ეს კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. გაგვიმართლა, რომ წელს შედარებით თბილი ზამთარი გვქონდა, თუმცა თუ მომავალ ზამთარს ცივი ამინდი გვექნება, ჩვენ შეიძლება მიწოდების პრობლემა შეგვექმნას, რადგან ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგი არ გვაქვს. შემდეგი გამოწვევაა ხელმისაწვდომობა. ევროპაში შევცვალეთ ეპოქა. გაზის ფასი, რომელიც ფუნდამენტურად სუბსიდირებული იყო რუსული გაზით, ჩავანაცვლეთ ადგილობრივი გაზის ფასით, რაც შედარებით უფრო მაღალია, რა თქმა უნდა, ყველა საწარმო ინდუსტრიისთვის ეს გამოწვევა იყო. შემდეგია მდგრადობა. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მწვანე შეთანხმებას. ჩვენ შეგვიძლია მიწოდების უსაფრთხოება მეტი განახლებადი ენერგიის წყაროთი უზრუნველვყოთ. მიმაჩნია, რომ ევროპა გადავიდა ახალ ეპოქაში, რომელიც მოითხოვს ისეთ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ყველა გამოწვევას გაუმკლავდებიან“, – განაცხადა TotalEnergies-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორმა, პატრიკ პუიანემ.
განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევროპას ურჩია, შექმნას მყარი ინფრასტრუქტურა, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს სუფთა ენერგიის რესურსები.
„ახლა ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ქსელების დაკავშირება. თუ ჩრდილოეთის ზღვაში განთავსებული ქარის ტურბინები ბალტიის ზღვასთან არ იქნება დაკავშირებული, მაშინ ევროპა იმ სუფთა ენერგიის უზარმაზარი პოტენციალით ვერ ისარგებლებს, რომელიც ზღვაში განთავსებულ ქარის ტურბინებს მოაქვთ“, – განაცხადა განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფრანჩესკო ლა კამერამ.